დონალდ ტრამპის განცხადებით, ტაილანდი და კამბოჯა ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდნენ.
„დღეს დილით კარგი საუბარი მქონდა ტაილანდის პრემიერ-მინისტრთან, ანუტინ ჩარნვირაკულთან და კამბოჯის პრემიერ-მინისტრთან, ჰუნ მანეტთან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომის განახლების შესახებ. შეთანხმდნენ, რომ დღეს საღამოდან ცეცხლს შეწყვეტენ და პირვანდელ სამშვიდობო შეთანხმებას დაუბრუნდებიან“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.
მისი თქმით, „ორივე ქვეყანა მზადაა მშვიდობისთვის და აშშ-სთან ვაჭრობის გაგრძელებისთვის“.
ამასთან, ტაილანდის პრემიერ-მინისტრის, ანუტინ ჩარნვირაკულის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპს სთხოვა, რომ კამბოჯას საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდოს.
„პრეზიდენტ ტრამპს ავუხსენი, რომ ჩვენ კამბოჯის წინააღმდეგ აგრესორები არ ვართ, მაგრამ ჩვენ მათ პასუხს ვუბრუნებთ“, – აღნიშნა ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, ტაილანდსა და კამბოჯას შორის დაპირისპირება მიმდინარე კვირის დასაწყისში განახლდა. ორივე ქვეყნის მონაცემების მიხედვით, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა და 260-ზე მეტი დაშავდა.




