აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საელჩოებს დაავალა, შეწყვიტონ სტუდენტური და გაცვლითი პროგრამების ვიზებისთვის შეხვედრების დანიშვნა, რადგან ისინი ასეთი განმცხადებლების სოციალური მედიის შემოწმების გაფართოებისთვის ემზადებიან.
მედიის ინფორმაციით, დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის გაგზავნილი დოკუმენტის ასლში, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო წერს, რომ შეჩერება გაგრძელდება „შემდეგი ინსტრუქციის გამოქვეყნებამდე“.
წერილში ნათქვამია, რომ სტუდენტური და გაცვლითი პროგრამების ვიზებთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში შემოწმება გაძლიერდება, რასაც „მნიშვნელოვანი შედეგები“ ექნება საელჩოებისა და საკონსულოებისთვის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარამენტი საელჩოებს მიმართავს, რომ კალენდრებიდან ამოიღონ ვიზების მიღების მსურველ სტუდენტებთან ყველა დაუჯავშნელი შეხვედრა, თუმცა ეს არ შეეხება პირებს, რომელთა შეხვედრებიც უკვე დაგეგმილია.
ცნობისთვის, უცხოელ სტუდენტებს, რომლებსაც აშშ-ში სწავლა სურთ, როგორც წესი, მშობლიურ ქვეყნებში მდებარე ამერიკის საელჩოებში გასაუბრების გავლა მოეთხოვებათ.
