დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სპეციალურ ჯგუფს აუქმებს, რომელიც რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სანქციების აღსრულებისა და კრემლთან დაახლოებული ოლიგარქების წინააღმდეგ შეიქმნა.
შესაბამისი მემორანდუმი აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ თანამდებობის დაკავების შემდეგ, პირველივე დღეს გამოსცა, თუმცა აქამდე არ გამოქვეყნებულა.
„ეს პოლიტიკა მოითხოვს ფუნდამენტურ ცვლილებას აზროვნებასა და მიდგომაში“, – წერს ბონდი დირექტივაში და აღნიშნავს, რომ სანქციების აღსრულებისა და ოლიგარქების აქტივების კონფისკაციისთვის გამოყოფილი რესურსები ნარკოკარტელების წინააღმდეგ ბრძოლისკენ გადამისამართდება.
ინიციატივა, რომელიც დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაიწყო, მიზნად ისახავდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანამოაზრეების ფინანსების შეზღუდვასა, სანქციებისა და საექსპორტო კონტროლის დარღვევების ხელშემწყობთა დასჯას.
„როიტერი“ წერს, რომ ეს იყო უფრო ფართო კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის გლობალური ბაზრებიდან იზოლაციას და უკრაინაში ომის გამო მოსკოვზე დაწესებული ფართომასშტაბიანი სანქციების აღსრულებას.
მაგალითად, სპეციალურმა ჯგუფმა სანქციების დარღვევისთვის ბრალი წაუყენა ოლეგ დერიპასკას და კონსტანტინ მალოფეევს, ასევე დააყადაღა სანქცირებული ოლიგარქების – სულეიმან კერიმოვისა და ვიქტორ ვეკსელბერგის იახტები.
როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, იმ საქმეების გამოძიება, რომელზეც სპეციალური ჯგუფი ამჟამად მუშაობდა, სავარაუდოდ გაგრძელდება. სპეციალურ ჯგუფში მომუშავე პროკურორები დაუბრუნდებიან თავიანთ წინა პოზიციებს. დირექტივის თანახმად, ცვლილებები ძალაში, სულ მცირე, 90 დღის განმავლობაში იქნება და შესაძლოა, განახლდეს ან გახდეს მუდმივი.
1tv.ge