დონალდ ტრამპთან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა, სამართლიან მშვიდობაზე ვისაუბრეთ – ტრამპი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული სამმხრივი შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„მქონდა კარგი და პროდუქტიული შეხვედრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ელისეს სასახლეში. პრეზიდენტ ტრამპი, როგორც ყოველთვის მტკიცეა. მადლობას ვუხდი მას. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ემანუელს, ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის ორგანიზებისთვის. ჩვენ ყველას გვინდა, ეს ომი რაც შეიძლება მალე და სამართლიანად დასრულდეს. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ხალხის შესახებ, ადგილზე არსებულ სიტუაციაზე და სამართლიან მშვიდობაზე. ჩვენ შევთანხმდით ერთად მუშაობის გაგრძელებაზე და კონტაქტის შენარჩუნებაზე. მშვიდობა სიძლიერის გზით შესაძლებელია“,- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
დღეს საღამოს, ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი დაესწრება, მათ შორის არის, აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეს საზღვარგარეთ ტრამპის პირველი ვიზიტია. ტრამპი პარიზის ორლის აეროპორტში კერძო თვითმფრინავით ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა დონალდ ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შორის.
ელისეის სასახლის ცნობით, ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ემანუელ მაკრონი ორმხრივ მოლაპარაკებებს უკრაინის ლიდერთანაც გამართავს.
ამასთან, მანამდე უცხოურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ საფრანგეთში შესაძლოა, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაც შედგეს. თუმცა შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის დელეგაციაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი 2019 წელს ხანძრის შედეგად დაზიანდა. აღდგენილ ტაძარში პირველი წირვა-ლოცვა ხვალ ჩატარდება.
შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთში გაემგზავრა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. დეტალები პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტის შესახებ უცნობია. არ საჯაროვდება ინფორმაცია, ვისთან გეგმავს პრეზიდენტი შეხვედრებს. საერთაშორისო მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი შეიძლება ტრამპს შეხვდეს.