ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების დირექტორის, ნინო დოლიძის თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ზოგიერთ უბანზე, შესაძლოა, კაცი ამომრჩევლების აქტივობა 100%-ზე მაღალი იყოს. ამის შესახებ დოლიძე სოციალურ ქსელში დღეს.
დღის პირველ ნახევარში ISFED-მა საარჩევნო სიის ანალიზი წარადგინა, რომლის თანახმადაც, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე იმაზე მეტმა კაცმა ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ვიდრე ამომრჩეველთა სიაშია რეგისტრირებული. რამდენიმე საათში ცესკოს წარმომადგენელმა ბრიფინგზე უარყო ISFED-ის ბრალდებები და განაცხადა, რომ მსგავსი უზუსტობა შეიძლება არსებობს მხოლოდ რამდენიმე უბნის შემთხვევაში და შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ მცირე რაოდენობის ამომრჩეველს.
“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბრიფინგზე, ფაქტობრივად დაადასტურა, რომ რამდენიმე საარჩევნო უბანზე შესაძლოა იყოს ასეთი სტატისტიკა, ანუ კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონე 100%-ზე მაღალი, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცხადებული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა საარჩევნო უბნის ერთიან და სპეციალურ სიებში რეგისტრირებული კაცი ამომრჩევლების ჯამურ რაოდენობასაც აღემატება”, – დაწერა დოლიძემ.
გარდა ამისა, იგი გამოეხმაურა ცესკოს მითითებას, რომ საარჩევნო კოდექსით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის გენდერულ ჭრილში დათვლა სავალდებულო არაა.
“ცესკომ აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა გენდერული სტატისტიკა არ წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ ნორმას და შესაძლებლობას აძლევს მკვლევრებს და სოციოლოგებს გენდერული სტატისტიკა აწარმოონ. ვფიქრობთ, მკვლევრებსა და სოციოლოგებსაც სჭირდებათ ზუსტი სტატისტიკა.
ინფორმაციისთვის: ცესკოს დადგენილებით დამტკიცებული სახელმძღვანელოს მიხედვით, ელექტრონულ უბნებზე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შესაბამისი პერიოდებისთვის (10:00, 12:00, 15:00, 17:00, 20:00 საათზე) ამობეჭდილ ქვითარში/ანგარიშში მითითებულ კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას უმატებს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში (ასეთის არსებობისას) შეყვანილი ამომრჩევლების ხელმოწერების ჯამს, მათ შორის გენდერულ ჭრილში. ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია, ასევე პერიოდულად ეგზავნება ტრადიციული უბნებიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გენდერულ ჭრილში”, – აღნიშნავს დოლიძე.