დოლარის ჰეგემონია ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში აშშ-ის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ჰეგემონიის პირდაპირი შედეგი იყო. თუმცა, დონალდ ტრამპი ამას თავისი აგრესიული საგარეო და საშინაო პოლიტიკით დაუპირისპირდა.
სატარიფო ომმა, მოკავშირეების მიმართ მუქარამ, მიგრანტებზე “ნადირობამ“, კონგრესზე, სასამართლოებზე, ცენტრალურ ბანკსა და აშშ-ის სხვა ინსტიტუტებზე შეტევამ, ასევე მზარდმა ვალმა და უზარმაზარმა საბიუჯეტო დეფიციტმა გასულ წელს დოლარის თითქმის 10%-ით ვარდნა გამოიწვია.
“სულ რამდენიმე წლის წინ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ დოლარი გლობალურ დონეზე თავის დომინანტურ როლს დაკარგავდა. ახლა კი ასეთი სცენარი მომდევნო ათწლეულებში სრულიად რეალურად გამოიყურება”, – აღნიშნავენ აშშ-ის ხაზინისა და ცენტრალური ბანკის ვეტერანი წარმომადგენლები: მარკ სობელი და სტივენ კამინი.

“დოლარი ძალიან სუსტად გამოიყურება და მისი შემდგომი გაუფასურებისთვის ყველა წინაპირობა არსებობს”, – აცხადებს Brookings Institution-ის წარმომადგენელი, რობინ ბრუკსი. თუმცა, მისი შეფასებით, “დოლარის, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტის, სტატუსს უახლოეს მომავალში საფრთხე არ ემუქრება”
“აშშ-ის, როგორც საიმედო მოკავშირისა და პარტნიორის, სტატუსი თვალსაჩინოდ უარესდება. ტარიფების ირგვლივ ატეხილი მუდმივი ისტერია, გრენლანდიასა და პანამაში შეჭრის მუქარა, ევროპაში ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსების მხარდაჭერა, უკრაინის საკითხში პუტინის კეთილგანწყობის ძიება, ნატოს დასუსტება და კანადის მიმართ შეურაცხმყოფელი რიტორიკა – ყოველივე ეს ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ის, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორის, რეპუტაციას”, – წერენ სობელი და კამინი Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
მზარდი სახელმწიფო ვალი და საბიუჯეტო დეფიციტი ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ის სამთავრობო ობლიგაციების სანდოობასა და ლიკვიდურობას.

“თუ ინვესტორები ეჭვქვეშ დააყენებენ აშშ-ის კრედიტუნარიანობას ან ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ფასების სტაბილურობისადმი ერთგულებას, დოლარის დომინირება დასრულდება“, – წერენ ისინი.
აშშ-ს უკვე თითქმის 40 ტრილიონი დოლარის ვალი აქვს. ამ ვალის დაფარვა და პროცენტების გადახდა მხოლოდ შიდა შემოსავლებით (მაგალითად, გადასახადებით) არ ხდება – ქვეყანას სჭირდება დამატებითი ფული.
უცხოელ ინვესტორებს უკვე აქვთ დაახლოებით 30 ტრილიონი დოლარის ობლიგაციები და აქციები აშშ-ში. ამ თანხიდან თითქმის 13 ტრილიონი დოლარი ევროპელმა კერძო კომპანიებმა და მთავრობებმა ჩადეს.
“ევროპული ინვესტიციები აშშ-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია – ქვეყანა კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული უცხოური კაპიტალის მუდმივ შემოდინებაზე. აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებზე უცხოური მოთხოვნა სამ მთავარ საყრდენს ეფუძნება: უსაფრთხოებას, მოხერხებულობას და შემოსავლიანობას. სამივე მათგანი ამჟამად მერყეობს“ – წერენ ევროპელი ეკონომისტები”.
“დოლარის დომინანტური ვალუტის სტატუსის ყველა მიზეზი კვლავ ძალაშია: ამერიკას აქვს მსოფლიოში უდიდესი ფინანსური სისტემა, ყველაზე ლიკვიდური და ღია კაპიტალის ბაზარი, კანონის უზენაესობა და განვითარებული ინსტიტუტები. თუმცა, მთავარი საფრთხე ამ ყველაფრისთვის დონალდ ტრამპია”. – აცხადებს ტრამპის დიდი ხნის კრიტიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტი პოლ კრუგმანი.




