დოლარიზაცია ძირითად გამოწვევად რჩება. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს – დავით უტიაშვილი(bm.ge)

დოლარიზაცია ძირითად გამოწვევად რჩება – ამის შესახებ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით უტიაშვილმა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა.
Fitch Ratings-ის საბანკო განყოფილების უფროსმა არტემ ბეკეტოვმა “ანალიტიკასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ დოლარიზაცია საკვანძო ფუნდამენტური სტრუქტურული რისკია ქართული ბანკებისთვის. მისივე თქმით, მართალია დოლარიზაცია მცირდება, თუმცა ნელი ტემპით.
კითხვაზე, სადამდე შეიძლება იყოს მართვადი ეს პროცესი სებ-ის მხრიდან და მომავალ წელსაც თუ უნდა ველოდოთ მარეგულირებლის ნაბიჯებს ამ მიმართულებით, დავით უტიაშვილი ამბობს, რომ ეროვნული ბანკი რეგულარულად განიხილავს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით.
“ჯამურად, [არტემ ბეკეტოვთან “ანალიტიკას”]ინტერვიუზე ვიტყოდი, რომ ალბათ შეიძლება შევაფასოთ, რომ საკმაოდ პოზიტიური ანალიზი გააკეთა ჩვენი საბანკო სექტორის და ზოგადად მაკროეკონომიკის და თვითონ ანგარიშიც არის პოზიტიური იმ კუთხით, რომ გადაიხედა ჩვენი პროგნოზი ნეგატიურიდან სტაბილურისკენ და თუ შევხედავთ რაოდენობრივ მაჩვენებლებს, ხშირ შემთხვევაში ეს მიანიშნებდა, რომ რეიტინგიც კი შეიძლება ცოტა უფრო უკეთესი გვქონდეს და ამის მოლოდინი შემდეგ წლებში გვაქვს.
რაც შეეხება დოლარიზაციას, ის რჩება ძირითად გამოწვევად. დონეს თუ შევხედავთ – კი, მას შემცირების ტენდენცია აქვს, ეროვნული ბანკიც ეტაპობრივად ამოქმედებს დამატებითი შემცირებისთვის ინსტრუმენტებს, თუმცა ანაბრებში დოლარიზაცია გვაქვს ახლა დაახლოებით 48%, სესხებში 42% და ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ნუ დაახლოებით პარაგვაის აქვს მსგავსი და ალბათ ერთი-ორ ქვეყანას ცენტრალური აზიის მხარეს. ამიტომ, ეს არის ძალიან მაღალი. ჩვენ ძალიან შორს ვართ იმ ნიშნულისგან, რომ ჩავთვალოთ რომ დოლარიზაცია არ არის პრობლემა. ყველა სარეიტინგო სააგენტო იქნება თუ ინვესტორი, ამას ყოველთვის აღნიშნავს. ამიტომ, კონკრეტული ნიშნულის თქმა ამ წუთას რთული იქნება. ცხადია ჩვენს ეკონომიკაში გვყავს აგენტები, მათ შორის გზავნილების კუთხით – გზავნილებით იღებს შემოსავალს, ან საგარეო შემოდინებებზეა დამოკიდებული, ქართველები საზღვარგარეთ მუშაობენ და ეს სეგმენტი, ჩვენი შეფასებით, იგივე საცალო დაკრედიტებაში არის დაახლოებით 20%. ანუ 20%-ს ნამდვილად აქვს უცხოური ვალუტის შემოსავალი და ის ჰეჯირებულია, მაგრამ ამ წუთას დოლარიზაცია არის მნიშვნელოვნად მაღალი, ანუ 42% არის ჯამში. ამიტომ ჯერ ძალიან შორს ვართ იმ ნიშნულისგან, რომ ჩავთვალოთ რომ ეს რისკი არის მილევადი. ამიტომ ეროვნული ბანკი ამას რეგულარულად განიხილავს, რა შეიძლება გავაკეთოთ. ჩვენ ბევრი ინსტრუმენტი უკვე ამოქმედებული გვაქვს და მოტივაციას აძლევს მსესხებელს თუ საბანკო სექტორს, რომ გასცეს ლარის სესხები. და ეს ერთ-ერთი უკანასკნელი ვთქვათ 500-დან 750 ათას ლარამდე [სავალუტო დაკრედიტების გაზრდილი ზღვარი] სულაც აგვისტოში ავამოქმედეთ. ამიტომ, უნდა დაველოდოთ მის ეფექტს. თუ შევნიშნეთ, რომ არ არის საკმარისი ეს ინსტრუმენტები, ცხადია ახალიც იქნება განხილული. თუმცა ამ ეტაპზე ვართ ასე ვთქვათ მოლოდინის ეტაპზე, რომ შევხედოთ. იმიტომ, რომ ტენდენციები არის პოზიტიური, განსაკუთრებით ანაბრების ნაწილში – დაახლოებით ორ თვეში თითო პროცენტული პუნქტით მცირდება ანაბრების დოლარიზაცია, ამიტომ ამ ტენდენციას ვაკვირდებით”,- ამბობს დავით უტიაშვილი.
ამ კონტექსტში მან ასევე გრძელი ლარის პოლიტიკა შეაფასა: “ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი ქვეყანა იყო დოლარიზებული და იქაც დოლარიზაციას აქვს შემცირების ტენდენცია. ჩვენი ეკონომიკა, მათ შორის ამ რეგიონში, არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური. ამიტომ წინაპირობა იმის, რომ მაინცდამაინც ჩვენ ვიყოთ დოლარიზებული, არ გვაქვს. მაკროეკონომიკური გარემო სტაბილურია და ამ კუთხით ჩვენ ასე ვუყურებთ პროცესს, რომ თუ ბანკი გასცემს ლარის სესხს, ის ლარის სესხი მობრუნდება უკან ლარის ანაბარზე და ასე შეიქმნება გრძელვადიანი ლარი. ანუ ეროვნული ბანკი ან მთავრობა ლარს უბრალოდ ვერ გააჩენს, ხომ? ეს ინფლაციას გამოიწვევს. ამიტომ ეს კერძო სექტორმა უნდა გააკეთოს და ჩვენ გვგონია, რომ სესხების მხარეს დაწესებული შეზღუდვები, ადრე თუ გვიან უბიძგებს, რომ მსესხებელმა და კომერციულმა ბანკმა სესხი გასცენ ვთქვათ ლარში და ეს თანხა მოგვიბრუნდება ლარის ანაბარზე და ასე შეიქმნება გრძელვადიანი ლარი. თუ შევხედავთ როგორ ქნეს სხვა ქვეყნებმა – დაახლოებით მსგავსი, მსგავსი იყო განვითარება”,- განაცხადა დავით უტიაშვილმა.

Bm.ge