“კახა კალაძეს არ ვიცნობ. მეგობრობაზე [საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია] ორჯერ ვარ შორიდან შეხვედრილი. ის რაც მე მაშინ გავაკეთე, ჩემგან აბსოლუტურად გულწრფელი იყო, რადგან ვთვლიდი, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ის ატარებდა თავის დროზე, ჩემთვის უფრო მისაღები იყო, ვიდრე სხვა დანარჩენი”, – ეს განცხადება რეჟისორმა დავით დოიაშვილმა გააკეთა და განმარტა რატომ დაუჭირა თავის დროზე მხარი კახა კალაძეს თბილისის მერის არჩევნებში.
მან ასევე უპასუხა კალაძის ახლახან გაკეთებულ განცხადებას, სადაც “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მას პოლიტიკაში შესვლა და ბრძოლის იქიდან გაგრძელება შესთავაზა ხელისუფლების წინააღმდეგ.
“კალაძეს შემიძლია ვუთხრა, რომ მე და ჩემი მეგობრები აქ იმისთვის ვსხედვართ და იმისთვის ვიბრძვით, რომ მსახიობები, ქორეოგრაფები, სპორტსმენები არ იყვნენ პარლამენტში. ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენ შეიძლება მხოლოდ ნიადაგი შევამზადოთ რაღაცისთვის. დანარჩენი პოლიტიკოსებმა უნდა აკეთონ. სამწუხაროდ, აღმოვჩნდით ისეთ ქვეყანაში სადაც ადამიანის გულწრფელობის უბრალოდ არ სჯერათ. მაგალითად ნანკა კალატოზიშვილზე ბევრი მეკითხება, ფულს უხდიანო? არა, ის გულწრფელი ადამიანია, უყვარს თავისი ქვეყანა და ემსახურება თავის ქვეყანას. არანაირი სურვილია არ აქვს, რომ გაერიოს პოლიტიკაში, ისევე როგორც მე. გპირდებით, რომ პოლიტიკაში ვერ მნახავთ, ეს არ არის ჩემი საქმე”, – განაცხადა დოიაშვილმა ტვ პირველის ეთერში, ვიკა ბუკიას გადაცემაში და დასძინა, რომ სინამდვილეში პოლიტიკოსები აქეთ შეეხნენ მას, როდესაც დაიჭირეს მისი თანამშრომელი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე.
“ჩემს სახლში შემოვიდნენ, წაიყვანეს ჩემი არტისტი და მითხრეს, რომ ეს შენ არ გეხებაო… დიახ, მე მეხება და ამას ყოველთვის დავიცავ”, – თქვა დოიაშვილმა.
