„დოვლათი არ იქმნება საქართველოში, მაგრამ მოხმარების დონე უზრუნველყოფილია შრომითი მიგრანტების მიერ სამშობლოში განხორციელებული ფულადი ტრანსფერების ხარჯზე“

„დოვლათი არ იქმნება საქართველოში, მაგრამ მოხმარების დონე უზრუნველყოფილია შრომითი მიგრანტების მიერ სამშობლოში განხორციელებული ფულადი ტრანსფერების ხარჯზე“
„დოვლათი არ იქმნება საქართველოში, მაგრამ მოხმარების დონე უზრუნველყოფილია შრომითი მიგრანტების მიერ სამშობლოში განხორციელებული ფულადი ტრანსფერების ხარჯზე“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ აბსოლუტური სიღარიბის კლების ტენდენციაზე საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საქსტატის განახლებული მონაცემების თანახმად, 2024 წელს საქართველოში აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი წლიურად 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4% შეადგინა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2024 წელს წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 90 ათასზე მეტმა ადამიანმა, ხოლო, 2019 წელთან შედარებით, 378 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს.
როგორც სტატისტიკოსი განმარტავს, ქვეყანაში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეების რაოდენობის შემცირება გამოწვეულია ერთი მხრივ ეკონომიკის ზრდის ტემპით, ხოლო მეორე მხრივ ემიგრანტების ხარჯზე, რომლებიც სამშობლოში დარჩენილ ოჯახებს ფულადი სახსრებით ეხმარებიან.
„შემცირების ორი ძირითადი მიზეზი არსებობს. პირველი, ეკონომიკის ზრდას ნამდვილად აქვს ადგილი, მართალია, ეს მატება არათანაბრად გადანაწილდება სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისა და რეგიონების მიხედვით, მაგრამ მთლიანობაში ზრდის ტენდენცია ცალსახაა. მეორე, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გასულია ქვეყნის გარეთ, იქიდან განხორციელებული ფულადი ტრანზაქციებით ეხმარებიან აქ დარჩენილ ოჯახებს მიმდინარე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. დოვლათი არ იქმნება საქართველოში, მაგრამ მოხმარების დონე უზრუნველყოფილია სწორედ ამ შრომითი მიგრანტების მიერ სამშობლოში განხორციელებული ფულადი ტრანსფერების ხარჯზე და ეს ქმნის იმ პირობას, რომ სიღარიბის დონე დაბალ ნიშნულზეა.
ვინც შეიძლება ყოფილიყო სიღარიბის ზღვარს მიღმა, მათი მდგომარეობა არსებითად არის გაუმჯობესებული იმის ხარჯზე, რომ მათი ოჯახის ერთი ან რამდენიმე წევრი იმყოფება უცხოეთში და იქიდან რეგულარული ტრანსფერების ხარჯზე უზრუნველყოფს საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრების მოხმარებას.
ფაქტობრივად, ყველა ოჯახიდან ხომ არაა უცხოეთში გასული პირი, მაგრამ იმ ოჯახების მიერ მიღებული შემოსავალი, საიდანაც ერთი ან რამდენიმე შრომითი მიგრანტია, თითქმის იმდენივეა, რამდენსაც ისინი საქართველოში იღებენ თავისი შრომითი საქმიანობით ან სოციალური ფორმის გამოყენებით,“ – აცხადებს სოსო არჩვაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
წყარო: www.bpn.ge