პარასკევს უკრაინის ქალაქი დნეპრი რუსულ სარაკეტო ცეცხლში მოექცა. ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს, რომელიც ნაწილობრივ ჩამოინგრა. ამის შესახებ განაცხადა დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორმა სერჰი ლისაკმა. ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ქვეყნდება ფოტოები და ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთ სადარბაზოში რამდენიმე ზედა სართული ჩამოინგრა.
ცნობილია ერთი დაღუპულისა და ექვსი დაშავებულის შესახებ. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
გარდა ამისა დაბომბვისა და თვითმფრინავების თავდასხმების შედეგად დაზარალდნენ ქალაქი ნიკოპოლი და სამი სოფლის თემი: პოკროვსკაია, მიროვსკაია და ჩერვონოგრიგოროვსკაია.
მანამდე პარასკევს ცეცხლი გაუხსნეს დონეცკის ოლქის სოფელ ნიუ-იორკს. ის ფრონტის ხაზიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივი პროკურატურის ცნობით, რაკეტები კერძო სექტორსა და ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაიღუპა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა სამი, მათ შორის რვა წლის გოგონა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია საავადმყოფოში.
რუსეთის სამხედროებს კომენტარი არ გაუკეთებიათ დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ.
რუსეთი ყოველდღე ბომბავს უკრაინას. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ის უტევს მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ობიექტებს. რუსეთის სარდლობა არ აკეთებს კომენტარს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის, საცხოვრებელი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ.