იცით, რომ სწორედ უკრაინამ გამოიყვანა ევროკავშირი გაფართოების კომიდან. ორი წლის წინ აქ, ბრიუსელში გაფართოების შესახებ საუბარიც კი შეუძლებელი იყო. იმ დროს ვერც ჩვენ და ვერც საქართველო ევროპულ პერსპექტივასაც კი ვერ მივიღებდით, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, უჭერს თუ არა უკრაინა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და თვლის თუ არა, რომ ახლა ერთ გუნდში ყოფნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნებმა წარმატებას მიაღწიოს, კულებამ უპასუხა :
„ვფიქრობ, ახლა არსებობს ერთი დიდი გუნდი იმ ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც გაფართოების ნაწილი არიან. დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომით წარმატების მიღწევა ყველა მათგანისთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ, თქვენ იცით, რომ სწორედ უკრაინამ გამოიყვანა ევროკავშირი გაფართოების კომიდან. ორი წლის წინ აქ, ბრიუსელში გაფართოების შესახებ საუბარიც კი შეუძლებელი იყო. იმ დროს ვერც ჩვენ და ვერც საქართველო ევროპულ პერსპექტივასაც კი ვერ მივიღებდით. თუკი ევროკავშირი ამ მომენტს ხელიდან გაუშვებს და არ გააცნობიერებს, რომ ევროკავშირის გაძლიერება მის გაფართოებასთან არის დაკავშირებული, ეს უზარმაზარი ისტორიული შეცდომა იქნება. ის, რაც დღევანდელი განხილვის დროს სასწორზე დევს არ არის კონკრეტული ქვეყნის წევრობის საკითხი, არამედ ევროკავშირის მომავლის საკითხი, ევროკავშირის არა მხოლოდ როგორც კავშირის, არამედ როგორც ძალის საკითხი. ევროკავშირის, როგორც ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ძალის საკითხი“, – აღნიშნა კულებამ.