ევროკავშირის ფარგლებში უკრაინულ-პოლონურ ალიანსზე ფიქრი ახლავე უნდა დავიწყოთ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
„ვფიქრობ, რის შესახებაც უნდა ვისაუბროთ, რის შესახებაც უკვე უნდა დავიწყოთ ფიქრი, არის ევროკავშირის ფარგლებში უკრაინულ-პოლონური ალიანსი. იმიტომ, რომ ჩვენ ორი ძალიან ძლიერი მოთამაშე ვიქნებით. ჩვენ პოლონეთს გავაძლიერებთ და პოლონეთი ჩვენ გაგვაძლიერებს“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინამ და პოლონეთმა იმაზეც უნდა დაიწყოს საუბარი, თუ როგორ მოაგვარებენ ისინი საერთო პრობლემებს და რას გააკეთებენ ევროკავშირში.
„პირველად ისტორიაში, მთელი ევროპა, ლისაბონიდან კიევამდე, ერთ მთლიანობაში იცხოვრებს. უკრაინელები და პოლონელები ამ დიდი პროექტის ნაწილი იქნებიან და თავიანთ როლს შეასრულებენ. მე მჯერა, რომ ასეთი სტრატეგიული დისკუსიისკენ და პარტნიორობისკენ უნდა ვისწრაფოდეთ“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.