უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თვლის, რომ უკრაინამ და პოლონეთმა უნდა დაიწყონ რეალური საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა მოაგვარონ ორმხრივი პრობლემები ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რათა თავიდან აიცილონ ისეთი კრიზისები, როგორიცაა საზღვრების ბლოკირება ან მარცვლეულის კრიზისი. ამის შესახებ მინისტრმა პოლონურ გამოცემა Uklad Sil-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ახლავე უნდა დავიწყოთ ფიქრი ევროკავშირში უკრაინულ-პოლონურ ალიანსზე. ჩვენ ვიქნებით ორი ძალიან ძლიერი მოთამაშე. ჩვენ გავაძლიერებთ პოლონეთს და პოლონეთი გაგვაძლიერებს ჩვენ.
ჩვენ უნდა დავიწყოთ რეალური საუბარი იმაზე, თუ როგორ მოვაგვარებთ ორმხრივ პრობლემებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რადგან ის, რაც ახლა ხდება ამ სატვირთო მანქანებით და მარცვლეულის ექსპორტით, გულდასაწყვეტია. უნდა ვიპოვოთ გზები და ამის პრევენციის მექანიზმები“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, დროა საუბარი დაიწყოს იმაზე თუ რას გააკეთებს უკრაინა და პოლონეთი ერთად ევროკავშირში.
პირველად ისტორიაში, მთელი ევროპა, ლისაბონიდან კიევამდე, იცხოვრებს ერთ მთლიანობაში. უკრაინელები და პოლონელები იქნებიან ამ დიდი პროექტის ნაწილი და შეასრულებენ თავიანთ როლს. მე მჯერა, რომ ეს არის სტრატეგიული დისკუსია და პარტნიორობა, რომლისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ“, – განაცხადა მინისტრმა.