დიღმის იზოლატორში, სადაც 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები არიან მოთავსებული, ადვოკატები მივიდნენ

დიღმის იზოლატორში, სადაც 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის დაკავებული ორგანიზატორები არიან მოთავსებულნი, მათი ადვოკატები – ბექა ბასილაია და ირაკლი აბესაძე მივიდნენ.
არსებული ინფორმაციით, ყველა დაკავებული დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ნადირაძის ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ იზოლატორში შესვლამდე განაცხადა, ნადირაძის მდგომარეობა მისთვის ამ დროისთვის უცნობია და საქმის მასალებსაც მას შემდეგ გაეცნობა, რაც სამართალდამცავი უწყება დაკავებულებს ბრალს წარუდგენს.
ადვოკატის შეფასებით, „ეს იქნება მორიგი პოლიტიკური საქმე“.
„ირაკლი ნადირაძესთან ახლა მე პირველად შევალ. არ ვიცი მისი მდგომარეობა და რა თქმა უნდა, არ ვიცით საქმის მასალები, რომელსაც ბრალის გაცნობის შემდგომ გადმოგვცემენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და ამის შემდეგ უფრო მეტ სამართლებრივ დეტალზე შეგვეძლება საუბარი. სამართლებრივი დეტალების მოლოდინი ამ ხელისუფლებისგან უბრალოდ, არ გვაქვს. რეალურად, ეს იქნება მორიგი პოლიტიკური საქმე და ამაში თავადაც დარწმუნდებით“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
შეგახსენებთ, -მ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერები – პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე დააკავა, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იყვნენ.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, მათ „ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა”.
დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.