საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავებას და ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება – სოციალურ ქსელ ფეისბუკში მადუროს სხვა დიქტატორების გვერდით მოიხსენიებს და წერს, რომ მუდმივი არაფერია:
„ნერონი, კალიგულა, დომიციანი, თემურლენგი, სტალინი, ჰიტლერი, მუსოლინი, ჩაუჩესკუ, პოლ-პოტი, კადაფი, სადამ ჰუსეინი, ბაშარ ალ-ჰასადი, მადურო … მუდმივი არაფერია და რაც არ უნდა ძლიერი იყოს დიქტატორი და დაუნდობელი მისი ძალაუფლება, დასასრული გარდაუვალია! და მათი დასასრული კი თითქმის ყოველთვის უმძიმესია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
შაბათს, 3 იანვარს ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, მეუღლესთან, სილია ფლორესთან ერთად, აშშ-ს სამხედრო ოპერაციის შედეგად, კარაკასში დააკავეს. ისინი ამჟამად ნიუ-იორკში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 3 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს მანამ, სანამ ძალაუფლების “უსაფრთხო, რიგიანი და კეთილგონიერი” გადაცემა გახდება შესაძლებელი.
ვენესუელის პრეზიდენტის დაკავებას გმობენ ირანი, რუსეთი, ჩინეთი და ვენესუელის სხვა მოკავშირეები, ხოლო ემიგრაციაში მცხოვრები ვენესუელელები ამ ფაქტს დადებითად აფასებენ.
გაეროს უშიშროების საბჭო ორშაბათს, 5 იანვარს ამ საკითხზე სხდომა დაგეგმა – ხოლო გაეროს გენერალური მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა აშშ-ს ამ ნაბიჯს “სახიფათო პრეცედენტი“ უწოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს პლატფორმა X-ზე ეხმაურება და წერს, რომ საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს, რაც ვენესუელაში ხდება, იმ იმედით, რომ „შემდგომი პროცესები ვენესუელის ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად განვითარდება“.
ფორუმი




