[დიფერენცირებული საშემოსავლო გადასახადის შემოღება] ჩვენთვის ალბათ, ადრეა. როდესაც განსხვავებულია გადასახადი, ფინანსური მაქინაციებისკენ მიდრეკილება ბევრად მაღალია – ზურაბ ლალაზაშვილი
საქართველო, 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით, ევროპის 35 ქვეყანას შორის 30-ე ადგილს იკავებს. ევროპაში, საქართველოზე დაბალი გადასახადი მხოლოდ ხუთ ქვეყანას აქვს: მოლდოვას, უკრაინას, ბულგარეთს, უნგrეთს და რუმინეთს.
Tax Foundation-ის ინფორმაციით, ბევრ ქვეყანაში მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები უფრო მეტი პროცენტით იბეგრებიან, შესაბამისად კვლევაში პროგრესული სისტემის მქონე ქვეყნებისთვის ანალიზში მოყვანილია მაქსიმალური განაკვეთები.
ფინანსისტთა აზრით, საქართველოში მოქმედი 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი დაბალი შემოსავლების მქონე პირთათვის არაპროპორციულად მაღალია, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ ქვეყანა არსებულ გამოცდილებას გაიზიარებს და პროგრესულ სისტემაზე გადავა, რა დროსაც საშემოსავლო გადასახადები შემოსავლების მიხედვით დაიბეგრება.
BDO-ს მმართველი პარტნიორი, ზურაბ ლალაზაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ქართულ რეალობაში, მოქმედი, 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი ადმინისტრირებისთვის ყველაზე მოსახერხებელია.
ლალაზაშვილი განმარტავს, რომ საშემოსავლო გადასახადის დიფერენცირება ბევრ გაუგებრობას წარმოშობს და დიდი რისკია, რომ კომპანიების ნაწილმა შემოსავლები გადასახადების შემცირების მიზნით, დამალონ.
„ადმინისტრირებისთვის მოქმედი 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი ყველაზე მარტივია, რადგან როდესაც განსხვავებულია საშემოსავლო გადასახადი, ფინანსური მაქინაციებისკენ მიდრეკილება ბევრად მაღალი იქნება, მაგალითად, ნაკლები შემოსავლები რომ გააფორმონ და ასე შემდეგ. ამიტომაც, მომხრე ვარ, რომ საშემოსავლო გადასახადი ყველასთვის ერთნაირი იყოს, თუ შემცირებაზე ვლაპარაკობთ, მაშინ ყველასთვის უნდა შემცირდეს. საშემოსავლო გადასახადის დიფერენცირება თითქოს კარგია, მაგრამ ბევრ ისეთ რაღაცას წარმოშობს, რაც საბოლოოდ მაინცდამაინც კარგი არ იქნება.
ჩვენთან იყო ეს პრაქტიკა, რომ ვისაც ნაკლები შემოსავალი ჰქონდა, ის ნაკლებ დღგ-ს იხდიდა, ეს ცუდი არ არის, მაგრამ ჩვენთვის ალბათ, ეს ადრეა. შეღავათად კი ჩანს, მაგრამ შეიძლება საბოლოო ჯამში პრობლემები წარმოშვას. მაგალითად, როგორც აღვნიშნე, დიდი რისკია, რომ რომელიმე კომპანიამ დამალოს შემოსავლები რომ ეს გადასახადი შეამციროს“,- აღნიშნა ზურაბ ლალაზაშვილმა.
