დირიჟორი და კომპოზიტორი ვახტანგ მაჭავარიანი გარდაიცვალა

დირიჟორი, კომპოზიტორი და მუსიკოსი ვახტანგ მაჭავარიანი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
მან 1973-1977 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო და სადირიჟორო ფაკულტეტები. სტაჟირება სადირიჟორო განხრით გაიარა მოსკოვში გ. როჟდესტვენსკისთან და ვენის მუსიკალურ აკადემიაში კ. ოსტერრაიხერთან, იმავდროულად იყო ვენის ოპერაში ლ.მააზელის ასისტენტი.
შემდგომში, თანამშრომლობდა სანქტ-პეტერბურგის მარინის თეატრთან. იქვე იყო ბალეტ “ვეფხისტყაოსნის” დამდგმელი დირიჟორი. ამავე პერიოდში თანამშრომლობდა მოსკოვის დიდ თეატრთან და ევროპის საოპერო დასებთან.
1987 წელს იყო საქართველოს მუსიკალური საზოგადოების კამერული ორკესტრის მთავარი დირიჟორი (ორი სეზონი). 1990 წელს დააფუძნა მარინისა და დიდი თეატრების, სანქტ-პეტერბურგისა და მოსკოვის ფილარმონიების, ბალტიისპირეთის ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის წამყვანი ორკესტრების 120 მუსიკოსისაგან შემდგარი საფესტივალო ორკესტრი, რომლის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი თავადვე იყო.
1996 წლიდან იყო ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, ხოლო 1998–2004 წლებში – სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი ინიციატივითა და დირიჟორობით საქართველოში გაიმართა არაერთი პრემიერა: ჯ. ვერდის “ფალსტაფი” (2002), რ. ვაგნერის “ტრისტანი და იზოლდა” (2003).
2022 წელს ში განვითარებულ მოვლენებს მან სიმფონიური სურათი “მარიუპოლი” მიუძღვნა. გამოცემულია მისი სადირიჟორო რეპერტუარის და მის მიერ შესრულებული საფორტეპიანო კომპოზიციების გრამფირფიტები, კომპაქტდისკები.
ვახტანგ მაჭავარიანი, ასევე, იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მოწვეული დირიჟორი და პიანისტი.