„დიპ სტეიტი“ და „გლოპი“ არაფერ შუაშია – ბაჩიაშვილი ივანიშვილის ადვოკატს პასუხობს

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ს ყოფილი პერსონალური ფინანსისტი გიორგი ბაჩიაშვილი, – რომლის წინააღმდეგაც ივანიშვილის განცხადების საფუძველზე საქმეა აღძრული კრიპტოვალუტების საქმეზე, – ყოფილი დამსაქმებლის ადვოკატს პასუხობს და მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს „ცუდად შეკერილს“ უწოდებს.
შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებიდან სამ-ნახევარ კვირაში – 2025 წლის 20 და 21 იანვარს ივანიშვილის ორმა ადვოკატმა ერთმანეთის მიყოლებით გაავრცელეს განცხადებები.
20 იანვარს მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ლაშა კალანდაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილი, Credit Suisse-თან დავების შემდეგ, ახლა უკვე სხვა ბანკს – ასევე შვეიცარიულ Julius Baer-ს უჩივის.
დავა Julius Baer-თან
კალანდაძე წერდა, რომ Credit Suisse-ის „უკანონო ქმედებებს გადარჩენილი“ აქტივების დიდი ნაწილი გადატანილ იქნა Julius Baer-ში, – „მათ შორის, ის ანგარიშებიც, რომლებზედაც უნდა განთავსებულიყო „ჰეჯ ფონდებიდან“ შემოსული თანხები“.
კალანდაძის განცხადებითვე, Julius Baer-მა „არასწორად (უფრო, სათავისოდ) განმარტა ე.წ. ამერიკული სანქციები და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის კომპანიებსაც აცნობა, რომ ფაქტობრივად ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარე მათი საბანკო ანგარიშები“.
„ზემოაღნიშნული საკითხები უქმნის ბიძინა ივანიშვილს წინაპირობას ჩათვალოს/იფიქროს, რომ Julius Baer-ის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს და Julius Baer-იც, ამა თუ იმ ფორმით, ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში“, – განაცხადა კალანდაძემ.
21 იანვარს განცხადება გაავრცელა ივანიშვილის სხვა ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ და ამ საკითხზე მანაც ისაუბრა. კერძოდ, დაწერა, რომ:
· „თვეების განმავლობაში [ბანკი] უსაფუძვლოდ ზღუდავდა ინფორმაციას ანგარიშების (მათზე თანხების ბრუნვის) შესახებ;
· ჩემს მარწმუნებელსა [ბიძინა ივანიშვილს] და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უჭიანურებდა თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით გაცემული დავალების შესრულებას;
· დაემუქრა პირადი საბანკო ანგარიშის დახურვით;
· არ ასრულებს მის სახელშეკრულებო ვალდებულებას „ჰეჯ ფონდების“ მიერ ვალდებულების დროულად შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით;
· ბოლოს კი, ე.წ. ამერიკული სანქციების არასწორად განმარტების გზით, ფაქტობრივად აღნიშნულ სანქციებს დაუქვემდებარა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები“.
ბაჩიაშვილის ეპიზოდი
21 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ადვოკატი წიქვაძე ახსენებს ივანიშვილის გარემოცვის ყოფილ წარმომადგენელს, გიორგი ბაჩიაშვილს და აცხადებს, რომ Julius Baer-ი „ასევე ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში“.
„კერძოდ, 2023 წლის 03 ივლისს და 2023 წლის 21 ივლისს შვეიცარიის კონფედერაციის იუსტიციის ფედერალურ სამსახურში გაიგზავნა ორი შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე“, – აცხადებს თეიმურაზ წიქვაძე.
შუამდგომლობა, სავარაუდოდ, საქართველოს პროკურატურიდან გაიგზავნა, დასაზუსტებლად, რადიო თავისუფლებას უწყებასთან დაკავშირებას ცდილობს.
„აღნიშნული შუამდგომლობების საფუძველზე, გამოთხოვილ იქნა სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია იმ ანგარიშების შესახებ, რაც Julius Baer-ში გააჩნდათ გიორგი ბაჩიაშვილსა და ერთ-ერთ იურიდიულ პირს, რომელიც ასევე ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეში“, – აცხადებს წიქვაძე და დასძენს:
„სამწუხაროდ, ყოველგვარი განმარტების გარეშე, საგამოძიებო ორგანოს დღემდე არ მიუღია რაიმე პასუხი გამოთხოვილ ინფორმაციასთან/დოკუმენტაციასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ამგვარი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში“.
წიქვაძის თანახმად, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს „უქმნის გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ კიდევ ერთი შვეიცარიული ბანკი Julius Baer-ი გვევლინება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უკანონო და უსაფუძვლო დავალებების შესრულების მექანიზმად/ბერკეტად“.
ივანიშვილი და მისი გარემოცვა „კრედიტ სუისის“ საქმეს უკავშირებს „გლობალური ომის პარტიის“ – ახლა უკვე „დიპ სტეიტის“ – თითქოსდა კონსპირაციულ ქმედებებს ბიძინა ივანიშვილის საქართველოს ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით.
„დიპ სტეიტი არაფერ შუაშია“ – ბაჩიაშვილი
21 იანვარს ივანიშვილის განცხადებას უპასუხა გიორგი ბაჩიაშვილმა, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, და ფეისბუკზე დაწერა, რომ „აქ დიპ სტეიტი და გლობალური ომის პარტია არაფერ შუაშია“.
„ამ კაცს ნორმალური იურისტიც არ დარჩა გარშემო რომ აუხსნას, რომ როდესაც მიმართავთ შვეიცარიას კერძო პირზე ინფორმაციის გამოთხოვნაზე, ამას უნდა მიაყოლოთ ელემენტარული დასაბუთება“, – დაწერა ბაჩიაშვილმა.
„თქვენს შემთხვევაში მიმართვა იყო განხორციელებული ისე ცუდად შეკერილი სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე, რომ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის ფარგლებში შვეიცარიამ არ მოგაწოდათ არანაირი დოკუმენტი“, – წერს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი.
„აქ დიპ სტეიტი და გლობალური ომის პარტია არაფერ შუაშია. აქ საქმე გაქვთ ცივილიზებული სამყაროს მიერ თქვენი უკანონო, ძალადობრივი და გამოძალვით ქმედებების მხილებასთან და ხელის არ შეწყობასთან. შვეიცარია და არცერთი ცივილიზებული ქვეყანა არასოდეს არ გახდება თქვენი დანაშაულებრივი ქმედებების ინსტრუმენტი“, – მიმართავს ბაჩიაშვილი ივანიშვილსა და მის ადვოკატებს.
20 ინვარს, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ლაშა კალანდაძის წერილის კომენტირებისთვის რადიო თავისუფლება Julius Baer-ს დაუკავშირდა საიდანაც მიიღო შემდეგი შინაარსის პასუხი: „ჩვენი პრინციპებიდან გამომდინარე, არ ვაკეთებთ კომენტარს კლიენტის სავარაუდო ან ფაქტობრივ საკითხებზე“.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა ფინანსური სანქციები ბიძინა ივანიშვილს.
გადაწყვეტილება -ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა და განმარტა, რომ ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.
სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც. ივანიშვილის სანქცირების გადაწყვეტილებასთან ერთად, სახაზინო დეპარტამენტმა გამოსცა „გენერალური ლიცენზია #116“.
ეს ლიცენზია ავტორიზებას ანიჭებს ივანიშვილის მფლობელობაში (50% ან მეტი წილით) არსებული კომპანიების მონაწილეობით ფინანსურ ტრანზაქციებს.
ეს ნიშნავს, რომ იმის მიუხედავად, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ტრანზაქციები აკრძალულია, გენერალური ლიცენზიის ძალით, აშშ-ის მოქალაქეებს უფლება ენიჭებათ, რომ განახორციელონ ტრანზაქციები/ჩაერთონ ტრანზაქციებში ნებისმიერ კომპანიასთან, რომლის 50%-ს ან მეტსაც ფლობს ბიძინა ივანიშვილი, თუკი ეს კომპანია ცალკე არ არის შეყვანილი SDN სიაში.
სახაზინო დეპარტამენტი განმარტავს, რომ ლიცენზია არ ახდენს გარკვეული ტრანზაქციების ავტორიზებას, – მათ შორის ივანიშვილის სინგაპურის სააპელაციო სასამართლო დავასთან დაკავშირებულ და ამ საქმესთან დაკავშირებულ სამართალწარმოებებში გათვალისწინებული ნებისმიერი ტრანზაქციების ავტორიზებას, – „თუკი ცალკე არ მოხდა ავტორიზება“.
აკრძალვა ეხება „ნებისმიერი განაჩენის, ბრძანების აღსრულებას, მოგებას, მორიგების ხელშეკრულებას, რომელიც ასეთი სამართალწარმოებიდან მომდინარეობს, ან რაიმე ტიპის გადახდას, ტრანსფერს, ქონების გადატანას, ან სხვა ტრანზაქციებს“.
სანქციები არ შეხებია ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს ან მის ახლო გარემოცვას.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ივანიშვილის სანქციას „ბანკმა ფართო ინტერპრეტაცია მისცა და ჩათვალა, რომ ოჯახის წევრების ანგარიშებზე არსებული თანხები სინამდვილეში ეკუთვნის ივანიშვილს და შეზღუდვები მათზეც გაავრცელა“.
შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილისათვის სანქციების დაწესებიდან, 27 დეკემბრიდან ოთხ დღეში, 31 დეკემბერს, საქართველოს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მისი ვაჟის, იაპონიაში მყოფი უტა ივანიშვილის კუთვნილი ახალი კომპანია, სააქციო საზოგადოება „ატუ ჰოლდინგი“.
2025 წლის 20 იანვარს ახალი კომპანია დააფუძნა ივანიშვილის ცოლმა, ეკატერინა ხვედელიძემაც. მისი კომპანიის, სს „ლუსოლის“ სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ვეფხვია დვალმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კომპანიის დაფუძნება არ უკავშირდება ივანიშვილისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას. „არანაირი კავშირი არ აქვს სანქცირებასთან“, – თქვა მან.
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეტანილი წინადადებით ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს.
წინადადებას, რომელიც 13 იანვარს წარადგინა თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიარიმ, 21 იანვარს საღამოსთვის 20 ხელმომწერი/მხარდამჭერი ჰყავს.
ამ ინიციატივას წინ უსწრებდა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებისათვის.
ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ იუწყება, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, ბრიტანეთის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ოფშორებში რეგისტრირებული ათობით კომპანია დაზარალდება.