„დიპლომატიური კატასტროფაა“ – შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩს მოშიმშილეების მონახულებისთვის აკრიტიკებს

სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის თავმჯდომარე, მოშიმშილე პოლიტიკოსებისა და აქტივისტების მონახულების გამო აკრიტიკებს გერმანიის ელჩს საქართველოში, პეტერ ფიშერს.
გერმანიის ელჩი საქართველოში, გუშინ, 28 ივნისს მივიდა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, სადაც შიმშილობა აქვთ გამოცხადებული ელენე ხოშტარიასა და გედევან ფოფხაძეს.
მოგვიანებით შიმშილობა გამოაცხადა სამმა აქტივისტმაც: ბაჩო კუციამ, ვასილ ელიავამ და გიორგი სტეპანოვმა.
შალვა პაპუაშვილი ირიბად მიანიშნებს, ელჩის მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე და შეახსენებს მას „ვენის კონვენციას“.
„დიპლომატებისთვის დაწესებული აკრძალვა, რომ არ ჩაერიონ საშინაო საქმეებში, უპირველეს ყოვლისა, მათსავე დაცვას ემსახურება წინდაუხედავი და მათთვისვე საზიანო ქცევისგან“, – წერს შალვა პაპუაშვილი ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში.
მანამდე, სადავო პარლამენტის თავმჯდომარე, ერთაბზაციანი კომენტარით შემოიფარგლა და დაწერა:
„ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია!
ეს გერმანელებსაც ეხება“.
ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ამ პოსტს გერმანიის ელჩმა ტვიტერზე უპასუხა, პარლამენტის წინ მას კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებია:
„ადამიანური ემპათიაა, რომ შიმშილობაში მყოფ პოლიტიკოსებს ესაუბრო, ელენე ხოშტარიასა და გედევან ფოფხაძეს – პარლამენტში„ქართული ოცნების” ყოფილი წევრს. პოპულარიზდება„ჩვენთან თუ არ ხარ, ჩვენი მტერი ხარ” გარემო. ეს მენტალიტეტი პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიას და „2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას” ილუზიად აქცევს“, – წერს ელჩი „ტვიტერზე“.
შალვა პაპუაშვილმა პეტერ ფიშერის ეს პოსტი მოშიმშილეებისადმი სოლიდარობის აქტის გამართლების მცდელობად მოიხსენია და მიიჩნია დადასტურებად, რომ ელჩს „ელენე ხოშტარიასთვის შიმშილობის შეწყვეტა არ ურჩევია“ და მხოლოდ „ემპათიის გამოსახატავად მივიდა“.
მან იკითხა: რასთან დაკავშირებით შეიძლებოდა ემპათია, ანუ თანაგრძნობა გამოეხატა ელჩს? შიმშილობის, როგორც პროტესტის ფორმის თუ ამ ფორმით დაყენებული მოთხოვნის მიმართ?
„თუ მას ფორმის მიმართ აქვს თანაგრძნობა, ანუ როდესაც ადამიანი საკუთარი თავის დაზიანების მუქარით სხვის იძულებას ცდილობს, ეს მორალური კატასტროფაა. განა მორალურია, მიხვიდე ადამიანთან, რომელსაც საფეთქელზე იარაღი აქვს მიბჯენილი და თანაგრძნობით შემოიფარგლო? სწორედ ეს არის ადამიანის სიცოცხლის ინსტრუმენტალიზება, ანუ მისი სიცოცხლის, როგორც მიზნის მიღწევის საშუალებად წარმოჩენა და არა თვით მიზნად, რაც გერმანიის კონსტიტუციის პირველივე მუხლით დაცული “ადამიანის ღირსების” შელახვაა.
ხოლო, თუ ელჩი შინაარსს თანაუგრძნობს, ანუ ხოშტარიას მიზანს, ამ აქტით აიძულოს ოპოზიცია, ბოიკოტი გამოუცხადოს თვითმმართველობის არჩევნებს, ეს დიპლომატიური კატასტროფაა. თუმცა, მისი ბოლოდროინდელი პოლიტიკური აქტივობების გათვალისწინებით, ამაში არც არაფერია გასაკვირი“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.
ელჩი ფიშერი არაერთხელ გამხდარა “ქართული ოცნების” წევრთა მწვავე კრიტიკის სამიზნე. ელჩმა არაერთხელ გააკეთა კრიტიკული განცხადებები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით, რაც საჯაროდ გააკრიტიკეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა.
ასევე, მმართველი პარტიის წევრები რეგულარულად უარყოფენ ელჩის მიერ გადმოცემულ დასავლურ შეფასებებსა და შეშფოთებებს.
18 მაისს ბათუმში, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა, ყოფილი სამხედრო მოსამსახურემ, ვალერი ქოჩიაშვილმა ელჩს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რომელიც პროპაგანდისტული არხების საშუალებით გავრცელდა მანამ, სანამ საელჩო ამ ფაქტს დაადასტურებდა.
ელჩი ბათუმში “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე დასასწრებად იყო ჩასული ავსტრიელ ევროპარლამენტართან ერთად.
გერმანიის ელჩისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის გახმაურების შემდეგ, ამ თემაზე ვრცელი პოსტი დაწერა ერთპარტიული და სუსტი ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მან დასავლელი დიპლომატები ქართულ სასამართლოზე ზეწოლაში, გერმანიის ელჩი კი გერმანიის კონსტიტუციის დარღვევასა და ისტორიული ქვეტექსტის უარყოფაში დაადანაშაულა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა მ კი გერმანიის ელჩის მიმართ გინებას „შეწუხება“ უწოდა.

წყარო: radiotavisupleba.ge