ჩინეთი, რომელიც გამოტოვებს უკრაინის სამშვიდობო გეგმის შესახებ შაბათ-კვირას დაგეგმილ სამიტს, მთავრობებს თავისი ალტერნატიული გეგმის მხარდაჭერას თხოვს,- თქვა 10-მა დიპლომატმა, ერთმა კი პეკინის კამპანიას შვეიცარიაში გლობალური შეხვედრის „დახვეწილი ბოიკოტი“ უწოდა.
ოთხმოცდაათმა სახელმწიფომ და ორგანიზაციამ დაადასტურა მონაწილეობა შაბათსა და კვირას ალპურ კურორტ ლუცერნში გამართულ სამიტში, რომელიც შეეცდება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო წინადადებების მხარდაჭერას, მათ შორის უკრაინიდან რუსული ჯარების სრულად გაყვანას.
მოსკოვმა, რომელიც არაა მიწვეული ლუცერნში, შეხვედრას უშედეგო უწოდა. ჩინეთი, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან, აცხადებს, რომ არ დაესწრება კონფერენციას, რადგან ის არ აკმაყოფილებს პეკინის მოთხოვნებს, მათ შორის რუსეთის მონაწილეობის შესახებ.
ჩინეთმა და რუსეთმა პარტნიორობა „საზღვრების გარეშე“ რამდენიმე დღით ადრე გამოაცხადეს, ვიდრე პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. პეკინი აცხადებს, რომ ის ნეიტრალურია კონფლიქტში და არ აწვდის მოსკოვს იარაღს, ან საბრძოლო მასალას.
მას შემდეგ, რაც ჩინეთმა განაცხადა, რომ არ აპირებს ლუცერნის სამიტზე დასწრებას, ზელენსკიმ პეკინი დაადანაშაულა მოსკოვის დახმარებაში, რათა შეხვედრა ჩაიშალოს. ამ ბრალდებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს.