“დინებას შეეძლო გაერიყა შავი ზღვის სანაპირო სახელმწიფოებთან” | ქართველი მეზღვაურის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

24 წლის მეზღვაურის, უჩა მიქელაძის ოჯახი ხელისუფლებას დახმარება სთხოვს. მიქელაძე 2023 წლის 12 დეკემბერს, რუმინეთში, გემიდან გადავარდა და მისი პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. “ბათუმელები” ოჯახის ადვოკატის კომენტარს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მიქელაძის სამძებრო – გადარჩენის ოპერაციები ჩაატარეს რუმინეთის რესპუბლიკის სამხედრო ძალებმა, თუმცა მოკვლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მეზღვაური ვერ იქნა ნაპოვნი.
„მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა გემისათვის უჩას ზღვაში გადავარდნის შესახებ, გემმა დაიწყო სამძებრო – გადარჩენის ოპერაციების წარმოება, თუმცა უჩა მიქელაძე ვერ იქნა ნაპოვნი. ოჯახმა დახმარებით მიმართა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, რომელიც ასევე ადასტურებს უჩა მიქელაძის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციას. რადგან M/V “AAIP GOLD” გემი იმყოფებოდა რუმინეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, უჩა მიქელაძის სამძებრო – გადარჩენის ოპერაციები ჩატარდა რუმინეთის რესპუბლიკის სამხედრო ძალებმა. რუმინეთის სამხედრო ძალების მოკვლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ უჩა მიქელაძე ვერ იქნა ნაპოვნი. მიმდინარე ეტაპისათვის, გემი გაჩერებულია უკრაინის პორტში და მიმდინარეობს გამოძიება. შავ ზღვაში არსებული საზღვაო დინების გათვალისწინებით, დინებას შეეძლო უჩა მიქელაძე გაერიყა შავი ზღვის სანაპირო სახელმწიფოებთან. შესაბამისად, ოჯახი სთხოვს დახმარებას საქართველოს სახელმწიფოსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, რომ გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები უჩა მიქელაძის საპოვნელად. ოჯახი სთხოვს საქართველოს სახელმწიფოს მიაწოდოს ინფორმაცია შავი ზღვის წევრ სახელმწიფოებს უჩა მიქელაძის წყალში გადავარდნაზე“. – აცხადებს ადვოკატი.
ოჯახის ინფორმაციით, მიქელაძე სამუშაო ხელშეკრულებით იმყოფებოდა Sealife Shipping კომპანიის გემ M/V “AAIP GOLD“-ზე (IMO N:9221475), რომელიც რეგისტრირებულია პანამაში, მცურავი ვანუატუს დროშის ქვეშ.

ასევე დაგაინტერესებთ