„დინამო ბათუმს“ 1 ლარად ყიდიან ინვესტიციის ჩადების პირობით

მას შემდეგ, რაც შპს „ლამინთან“ ხელშეკრულება მოშალეს, „დინამო ს“ გასხვისებას სიმბოლურ ფასად, 1 ლარად და ინვესტიციის განხორციელების პირობით გეგმავენ. ს მერიის ინფორმაციით, კლუბის შეძენით სააქციო საზოგადოება [სს] „საფეხბურთო კლუბი დბ 1923“-ია დაინტერესებული [დბ – იგივე დინამო ბათუმი].
სს „საფეხბურთო კლუბი დბ 1923“ კლუბის გადაცემას სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ითხოვს და მთავრობას 30-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას ჰპირდება.
სს „საფეხბურთო კლუბი დბ 1923“ ნიკოლოზ ჯღარკავამ, ვახტანგ ჩხაიძემ და ირაკლი აბულაძემ 2025 წლის 11 დეკემბერს დააფუძნეს.
ნიკოლოზ ჯღარკავა 2025 წლის ზაფხულში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის [სფფ] ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა და აღმასკომი დატოვა. სფფ-ში 2015 წლიდან საქმიანობდა. ის იყო ასევე „დინამო თბილისის“ დირექტორი.
ვახტანგ ჩხაიძე შპს „ოლპრინტის“ დირექტორია, კომპანიის ასი პროცენტი კი ეკუთვნის შპს „სოფტრადარს“, რომლის წილებსაც საქართველოს, ს, დანიის, პოლონეთის და ავსტრიის მოქალაქეები ინაწილებენ. მათ შორის არის თემურ მიქელაძეც, რომელთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომ სწორედ ის ჩაიბარებს კლუბს.
ვახტანგ ჩხაიძე ხელმძღვანელობდა შპს „GIFT OF AJARA“-ს. ეს კომპანია ოფშორში, კვიპროსზეა დაფუძნებული. ირაკლი აბულაძე რამდენიმე კომპანიის თანამესაკუთრე და დირექტორია, მათ შორის არის სამშენებლო კომპანიებიც.
ახალი ინვესტორის დაინტერესების შემდეგ, ბათუმის მერია „დინამო ბათუმის“ და მასთან დაკავშირებული ქონების გასხვისების პირობებს ინვესტორის მოთხოვნების შესაბამისად ცვლის.
თავის დროზე, 2019 წლის მაისში, ბათუმის საკრებულოს განკარგულებით, ინვესტიციის მოზიდვის მიზნით, შპს „დინამო ბათუმის“ 100 %-იანი წილი აჭარის მთავრობას გადაეცა, „პოზიტიური პირობით“ და გასხვისების მიზნით. მთავრობამ შპს „დინამო ბათუმის“ საწესდებო კაპიტალიდან გამოიტანა 13 მილიონ 523 407 ლარის ღირებულების უძრავი ქონება და 2020 წლის 6 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, 49-წლიანი იჯარით გადასცა შპს „ლამინს“.
თუმცა იმ მოტივით, რომ კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, 2025 წლის 9 დეკემბერს ეს ხელშეკრულება მოშალეს და შესაბამისი სამართლებრივი აქტებიც ძალადაკარგულად ცნეს.
მერიაში განმარტეს, რომ შპს „ლამინთან“ ხელშეკრულების მოშლა მერიასთან დადებული შეთანხმების გაბათილების და ქონების უკან დაბრუნების საფუძველიც არის. ამის შეახებ მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსმა დავით კოპინაძემ საკრებულოს აცნობა.
მისივე ინფორმაციით, 2025 წლის 11 დეკემბერს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შევიდა სს „საფეხბურთო კლუბ დბ 1923“-ის წერილი, რომლითაც შპს „დინამო ბათუმის“ 100 % წილის პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაცემას შემდეგი პირობებით ითხოვს:
„2 თვის ვადაში, შემოთავაზებული ჯგუფი წარმოადგენს არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობის, უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა სრულად დაფარავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პერიოდს და ამასთან გადაასწრებს/აღემატება მას არანაკლებ 2 თვით. ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, ინვესტორი იღებს ვალდებულებას განახორციელოს საფეხბურთო კლუბში წლიურად არანაკლებ 6 მილიონი ლარის, ხოლო ჯამურად არანაკლებ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია. ინვესტიცია მოხმარდება კლუბის სრულფასოვან ფუნქციონირებას, მათ შორის: თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებას, ეკიპირებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას, მივლინებებსა და საწვრთნელ შეკრებებს, ფეხბურთელთა სამედიცინო მომსახურებასა და მკურნალობის ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში, მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიული გუნდის მონაწილეობას ევროტურნირში და მასთან დაკავშირებულ ყველა საორგანიზაციო ხარჯს, ამხანაგურ და ოფიციალურ მატჩებთან დაკავშირებულ საოპერაციო დანახარჯებს. არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, კლუბი იმუშავებს UEFA-სა და ეროვნული საკლუბო ლიცენზირების დებულებებისა და სტანდარტების სრული შესაბამისობით. ინვესტორი უზრუნველყოფს, რომ კლუბმა ყოველწლიურად გაიაროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ განსაზღვრული ლიცენზირების პროცესი და მიიღოს მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატებსა და სხვა ოფიციალურ ტურნირებში. ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვსი თვის განმავლობაში, ინვესტორი წარმოადგენს: კლუბის საკუთრებაში გადაცემის დროისათვის ქონების [წილის] საბაზრო ღირებულების შეფასებას და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დასკვნას, რომელიც მომზადებული იქნება იმ აუდიტორის/აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელსაც გავლილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი.“
კოპინაძის ინფორმაციით, „ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამინისტრომ მიმართა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა, საინვესტიციო განაცხადის მოწონების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ზემოხსენებულ განკარგულებაში“.
როგორც ჩანს, მერიამ წინადადება მოიწონა, რადგან შესაბამისი ცვლილებებით განკარგულების პროექტი უკვე გადაგზავნილია საკრებულოში.
მის დამტკიცებას 19 დეკემბერს გეგმავენ.
„დინამო ბათუმის“ აწ უკვე ყოფილ მფლობელს, შპს „ლამინს“ ხელშეკრულების გაუქმების პარალელურად, ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო დავალიანებაც ერიცხება – ჯამში 1 მილიონ 196 209 ლარი.
batumelebi.netgazeti.ge