USAID-ი „დიფ სთეითის“ სალარო იყო – დროა, დადასტურდეს, რომ საქართველო იყო პირველი, ვინც ამაზე ხმა ამოიღო! თუკი ტრამპის ადმინისტრაცია გაჩუმდება, ესეც მინიშნება იქნება, რომ შესაძლოა, გარკვეულწილად, ჯერ კიდევ აწყობთ და მხარს უჭერენ, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის განაცხადი არის დასტური იმისა, რომ USAID-ი გასცემდა თანხებს მათთვის არასასურველი ხელისუფლებების დამხობისთვის, შეცვლისათვის და ასეთ ქვეყნებში რევოლუციური პროცესების წარმოებისთვის.
როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, დროა, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ არამხოლოდ ის აღიაროს, რომ USAID-ს ნამდვილად არადემოკრატიული მიზნები ამოძრავებდა, არამედ, დაადასტუროს ისიც, რომ სწორედ საქართველო იყო პირველი, ვინც ამ საკითხზე ხმა ამოიღო.
„ამაზე ჩვენ ვსაუბრობდით, რაზეც ძალიან დიდი კრიტიკა, თავდასხმა, ბულინგი მოდიოდა, მაგრამ შემდეგ თავად დონორმა ქვეყანამ – აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ აღიარა, რომ USAID-ი სწორედ ასეთი მიზნებისთვის იყენებდა სხვადასხვა ქვეყანაში დაფინანსებას. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ დროა, არა მხოლოდ ასეთი ტიპის აღიარება მოხდეს, არამედ, საქართველოს მიმართაც იქნას დასტური იმისა, რომ სწორედ საქართველო იყო მოწინავე და პირველი, ვინც ამაზე ხმა ამოიღო. თუკი ამაზე გაჩუმდებიან თავად დონორი ქვეყნები და ტრამპის ადმინისტრაცია, ესეც გარკვეული მინიშნება იქნება, რომ შესაძლოა, არაპირდაპირ, გარკვეულწილად, ჯერ კიდევ აწყობთ და მხარს უჭერენ. ასე რომ, ამას სჭირდება მკაცრი რეაქცია, ამას სჭირდება აღიარება და ამას სჭირდება ახალი ადმინისტრაციის მხრიდან იმის დასტური, საქართველოში რომ ასეთი რამ ხდებოდა”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
