დიმიტრი ხუნდაძე: როგორც 2012 წელს, 2024 წელსაც არჩევნები საზოგადოებამ უნდა გააკონტროლოს ფხიზელი თვალით და გონიერი არჩევანით

„სიყალბე სჭირდებათ გარედან იმათაც, ვინც ამ ომში ქვეყანა დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ ჩაითრია და ხელისუფლება ცალ ფეხზე ვერ დააყენა,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე წერს.
მისი თქმით, სიყალბე არ სჭირდება სახელისუფლებო გუნდს და საზოგადოებას, ეს სჭირდება მხოლოდ ოპოზიციას და მის ლობისტებს ქვეყნის გარეთ.
„საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში არჩევნებსაც, საარჩევნო მარათონში მონაწილე პარტიებსაც და დამკვირვებლებსაც, საქართველოს მოქალაქეები დააკვირდებიან და საბოლოო ნიშანსაც ისინი დაწერენ. მმართველ გუნდს და საზოგადოებას სიყალბე არ სჭირდება. სიყალბე სჭირდება იმ ოროსან პარტიებს, რომლებიც ჯიუტად ითხოვენ, „ორიანიც კარგ ნიშნად ჩაგვითვალეთო“.
სიყალბე სჭირდება „ვივამედში“ „მწოლიარე“ პატიმარს, რომელსაც ბოდიშის მოუხდელად სურს პასუხისმგებლობისაგან თავის დაძვრენა, თუნდაც ამისათვის რევოლუცია ან ქვეყნის ომში ჩართვა იყოს საჭირო. სიყალბე სჭირდებათ გარედან იმათაც, ვინც ამ ომში ქვეყანა დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ ჩაითრია და ხელისუფლება ცალ ფეხზე ვერ დააყენა. სიყალბე სჭირდება მათაც, ვისაც სურს საქართველო ძლიერ მეზობლად არ ჩამოყალიბდეს და მუდმივად უყუროს, როგორც „მცირეს“.
სწორედ ამიტომ, როგორც 2012 წელს, 2024 წელსაც არჩევნები საზოგადოებამ უნდა გააკონტროლოს ფხიზელი თვალით და გონიერი არჩევანით. სხვანაირად ხიფათი გარდუვალია,“ – წერს ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო