დრომ გამოაჩინა, რომ „ხალხის ძალა“ ყველაფერს სწორად ხედავდა და სწორად გრძნობდა საფრთხეებს, ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.
„ოპოზიცია ვართ არა იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ კრიტიკა სჭირდება და ამას იმსახურებს, არამედ იმიტომ, რომ მმართველ გუნდსაც სჭირდება ჯანსაღი ოპონირება, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება და ზოგჯერ აუცილებელიც. დრომ გვიჩვენა, რომ „ხალხის ძალა“ ყველაფერს სწორად ხედავდა, სწორად გრძნობდა საფრთხეებს და სწორად გადაწყვიტა, რომ ხალხისთვის მეტი სიმართლე ეთქვა. ჩვენი ქვეყნისთვის რთული და ამავე დროს, სასიცოცხლოდ სახიფათო ვითარება შეიქმნა 2022 წლის თებერვლის შემდეგ. უკრაინა დასავლეთსა და რუსეთს შორს ურთიერთობის გარკვევის ბრძოლის ველად იქცა. ამ ბრძოლაში საქართველოსაც მძიმე როლი მიაკუთვნეს და ქართულ საზოგადოებას გმირად გამოცხადებული უკრაინიზაცია შეფარულად, ერთადერთ საუკეთესო პერსპექტივად წარუდგინეს. საჭირო გახდა სასიცოცხლოდ სახიფათო ფარული გზის გამოაშკარავება, რათა ქვეყანა ბრჭყვიალა სატყუარას არ წამოჰგებოდა – ხან ევროკავშირში დროზე ადრე გაწევრიანების, ხან ნატო-ს წევრობის, ხან ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების, ხან მილიარდობით დახმარების ცრუ დაპირებით. სამწუხაროდ, ამ დაპირებებს უკრაინა წამოაგეს. მიუხედავად სისხლისმღვრელ ომში მათი უპირობო მონაწილეობისა, ვერც ევროკავშირის და ვერც ნატო-ს წევრები ვერ გახდნენ. აქამდე გაწეული დახმარება დღეს უკვე ვალად დაუთვალეს და ომში გასაწვევთა ასაკის 18 წლამდე დაწევა მოსთხოვეს. დაკარგეს ტერიტორიებიც და დაკარგეს ხალხიც. უკრაინამ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა. რისკების თავიდან აცილება მხოლოდ მეტი სიმართლით იყო შესაძლებელი და სწორედ ამიტომ შეიქმნა „ხალხის ძალა“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
