დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის განაშენიანების გენგეგმაზე: მინდა კომიტეტს ვთხოვო, რომ საზედამხედველო ფუნქციით აიღოს ეს საკითხი და თვალი ადევნოს, რადგან ამ საკითხის მოგვარებას მოსახლეობა უკვე 10 წელია ელოდება
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების განხილვისას მცხეთის განაშენიანებაზე მოქმედ მორატორიუმის საკითხს შეეხო. დეპუტატმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს ნინო ენუქიძეს მიმართა და სთხოვა განემარტა, თუ როგორ იმოქმედებდა კანონში შესატანი ცვლილებები მცხეთის მაგალითზე და იქნებოდა თუ არა შესაძლებელი ამ ცვლილებებით განვითარებისა და ქალაქის განაშენიანების კანონზომიერად დაგეგმვა.
დიმიტრი ხუნდაძემ კომიტეტს მცხეთის განაშენიანებაზე მოქმედ მორატორიუმთან დაკავშირებით საზედამხედველო ფუნქციის შესრულება სთხოვა, რადგან მისი თქმით, როგორც ჩანს საკითხი მეტ ყურადღებას მოითხოვს. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი დაეთანხმა დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას და განაცხადა, რომ კომიტეტი აღნიშნულ საკითხს ზედამხედველობას გაუწევს.
„მაინტერესებს როგორ იმუშავებს ეს რეგულაციები კულტურული მემკვიდრეობის ზონებში, კონკრეტულად – მცხეთის შემთხვევაში, სადაც დაუსრულებელი განაშენიანების გენერალური გეგმა ქალაქს უკვე ათი წელია მორატორიუმის რეჟიმში ამყოფებს, თუმცა ის უკვე ვეღარ მუშაობს და სიკეთეს ვეღარ აკეთებს იმიტომ, რომ თავისთავად, ასეთმა დიდმა დრომ განაპირობა თვითნებური მშენებლობები და უკვე კონტროლს მიღმაა გასული ეს ყველაფერი. ასეთ შემთხვევაში, სანამ გენ.გეგმა დასრულდება მცხეთაში (რისი იმედიც, მე პირადად, უკვე ამომეწურა), რა შეიძლება გავაკეთოთ გეგმის დამტკიცებამდე, რომ განვითარება იყოს კანონზომიერი და არა ქაოსური და შეუთანხმებელი. შემოთავაზება მექნება კომიტეტისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით. ქალბატონი ნინო ნამდვილად ყველაფერს აკეთებს და ცდილობს ამ საკითხის გამოსწორებას, მაგრამ ამ მცდელობის მიუხედავად სულ მოლოდინში ვართ და ამ მოლოდინის დრო უსაზღვროა. 10 წელი საკმაოდ ბევრია და ადამიანები ვეღარ სარგებლობენ საკუთარი ქონებით, ვეღარც განვითარებას ხედავენ. მე მინდა კომიტეტს ვთხოვო, რომ საზედამხედველო ფუნქციით აიღოს ეს საკითხი და თვალი ადევნოს, რადგან ამ საკითხს ალბათ მეტი ყურადღება სჭირდება,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ მცხეთა იუნესკოს დაფარვის ზონაშია, სწორედ ამან გამოიწვია ამ საკითხის [მორატორიუმის] გარკვეული გრძელვადიანი დაურეგულირებლობა და შეუთანხმებლობა. ნინო ენუქიძის თქმით, სექტემბერში კულტურის სამინისტრო საქართველოში იუნესკოს რეაქტიულ მისიას ელოდება და ენუქიძემ იმედი გამოთქვა, რომ მისიასთან კონსულტაციის შემდეგ დაიდება საბოლოო გენ. გეგმა და მცხეთის მორატორიუმის საკითხი წინ წაიწევს. რაც შეეხება კანონს, მინისტრის მოადგილის განმარტებით სივრცითი განვითარების სააგენტომ, კანონის საფუძველზე შესაძლოა თემატური გეგმა შემოიღოს გარკვეულ ზონებში – აკრძალოს ან დაუშვას მშენებლობა, თუმცა ეს დოკუმენტიც საჭიროებს იუნესკოსთან შეთანხმებას.
Previous: გიორგი გახარია იმდენად უტიფარია, რომ შეუძლია, სხვა ქვეყნის ბინადარი იყოს და ამ ქვეყნის მოსახლეობას ხმებს სთხოვდეს
