ძალიან გაგვიჭირდება დავადასტუროთ ის, რომ გუშინ დაჭერილი ადამიანები პოლიტპატიმრები არიან. ამის ლეგიტიმური საფუძველი შექმნეს თვითონვე მათი დაპატიმრებით, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქვიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრების დაკავებაზე საუბრისას.
ცქიტიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ სწორედ დაპატიმრებულების ქმედებებით მოიპოვა „ლეგიტიმაცია“, რის გამოც რთულია მათი პოლიტპატიმრებად აღიარება.
მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებს ჯერ არ გაუკეთებიათ განცხადება, რომ დაკავებულები პოლიტპატიმრები არიან.
„პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა გარკვეულ ლეგიტიმაციას აძლევთ, რომ ძალადობრივად იმოქმედონ და ვიღაცები დაიჭირონ. ეს ლეგიტიმაცია მოიპოვეს, ამ პროვოკაციაზე წამოეგნენ. ძალიან გაგვიჭირდება დავადასტუროთ ის, რომ გუშინ დაჭერილი ადამიანები პოლიტპატიმრები არიან. ამის ლეგიტიმური საფუძველი შექმნეს თვითონვე მათი დაპატიმრებით. დღემდე არ გაუკეთებიათ საერთაშორისო ორგანიზაციებს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინ დაკავებულები პოლიტპატიმრები არიან”,- განაცხადა ცქიტიშვილმა.
დიმიტრი ცქიტიშვილმა ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ცვლილებები ვერ მოხდება ფრაგმენტული ოპოზიციის პირობებში.
მისივე თქმით, არსებული პოლიტიკური სუბიექტებს არ აქვთ საკმარისი რესურსი დამოუკიდებლად ცვლილებების განხორციელებისთვის.
მისი აზრით, ერთიანობა და კოორდინირებული მოქმედება უფრო მეტ შედეგს მოიტანს, ვიდრე ცალ-ცალკე ძალების მოქმედება.
„მოხდა ის, რაც მარტივად პროგნოზირებადი იყო. ამ ქვეყანაში ცვლილებები ვერ მოხდება ფრაგმენტული ოპოზიციის პირობებში – ვერც საარჩევნო ცვლილებები მოხდება, ვერც გადატრიალება და ვერც ბოიკოტი. დღეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სუბიექტებს არ აქვს რესურსი დამოუკიდებლად განახორციელოს ცვლილება.
ერთად დგომამ და კოორდინირებულად მოქმედებამ უფრო მეტი შედეგი შეიძლება მოიტანოს, ვიდრე ცალკე. გუშინდელი დღე ამის მაგალითი იყო. მოსახლეობაში არის პროტესტი, ის არსად წასულა. პროტესტმა შეიძლება ფორმა იცვალა, მაგრამ როდესაც პროტესტის დღე არის დადგენილი საზოგადოება გამოდის. ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია იმისისთვის, რომ პროტესტი დაწყნარდეს ან ამოიწუროს. როდესაც საფუძველი არის, პროტესტიც იქნება. პოლიტიკურმა ძალებმა ვერ გაიგეს რა ხდება ქვეყანაში, ვერც არჩევებში მონაწილეობა, ვერც პროტესტის“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.
დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგია თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული და სწორედ ამის გამო მან პარტია დატოვა. მისი თქმით, მიღებული შედეგი პროგნოზირებადი იყო და პასუხისმგებლობის თავიდან აცილება არასწორია.
„ამ ვითარებაში შედიოდნენ არჩევნებში, სწორედ ეს იყო ის რის გამოც წამოვედი პარტიიდან. მათი შედეგი პროგნოზირებადი იყო ასეთი ცუდი შედეგი. ვერავის რომ ვერანაირი ხმას ვერ წაართმევდნენ ეს ფაქტი იყო. დღეს სხვაზე გადაბრალება არ არის სწორი. პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა. ბოიკოტი დაიწყო ისე რომ არანაირი წინასწარი კონსულტაციები არ ყოფილა. გამოაცხადეს რევოლუცია და გადატრიალება, პრაქტიკულად მივედით იქამდე რომ არაფრისთვის მზად არ ყოფილან. არჩევნებში შევიდნენ და აღმოჩნდა, რომ მათი შეპირებები ტყუილი იყო, ვერც ქალაქს გამოგივიდნენ და ვერც სოფელს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
დიმიტრი ცქიტიშვილმა ოპოზიციის კრიზისზე საუბრისას აღნიშნა, რომ შეთანხმება აუცილებელი იყო თავის დროზე, თუმცა მხარეებმა დათმობა ვერ შეძლეს და შედეგად არსებული ვითარება მივიღეთ.
მისი თქმით, დღეს კრიზისი უფრო საპროტესტო მხარეს აქვს და პირველ რიგში ყველას უნდა დაეკისროს საკუთარი პასუხისმგებლობა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება შემდგომ ნაბიჯებზე ფიქრი.
„შეთანხმება უნდა მომხდარიყო. ეს არის კავკასიური ცარცის წრე – ვისაც სამშობლო უყვარს, იმან დათმოს. არავინ დათმო და მივიღეთ ეს შედეგი. დღეს საპროტესტო მხარეს არის უფრო კრიზისი. პირველ რიგში ყველამ აიღოს საკუთარ თავზე საკუთარი ბრალეულობა და პასუხისმგებლობა და ამის შედეგ ვიფიქროთ შემდგომ ნაბიჯებზე. აქციის მონაწილეებს შორის ბევრად უფრო მეტი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია, ვიდრე პოლიტიკურ პარტიებში. ეს დამანახა გუშინდელმა დღემ“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.
