ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიასა და მას შორის „გზები გაიყო“. მისი თქმით, მიზეზი არჩევნების საკითხზე აზრთა ფუნდამენტური განსხვავებაა.
„არსებულ ვითარებაში, ასეთი ფორმით და დინამიკით არჩევნებში მონაწილეობა ვერ მოემსახურება ქვეყნის დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნებას.
რამდენჯერმე საჯაროდ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: არჩევნებში მონაწილეობას აზრი ექნებოდა მხოლოდ პოლიტიკურ ძალთა კოორდინირებული მოქმედების შემთხვევაში, უსამართლო პოლიტიკურ ბრძოლაში რეჟიმის დამარცხების თუნდაც მცირე შანსით“, – წერს დიმიტრი ცქიტიშვილი „ფეისბუკში“.
უფრო ადრე, 5 სექტემბერს მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამაც: „გიზიარებთ ჩემს გადაწყვეტილებას კვლავ დამოუკიდებლად გავაგრძელო ბრძოლა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, რის გამოც შევედი პოლიტიკაში 2020 წელს“.
4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო პარტია დატოვა „გახარია საქართველოსთვის“ პარტნიორი პარტიის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა საბა ბუაძემაც.
