დღეს გვექნება უფრო მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, საბჭო რას გულისხმობს , – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა, პრეზიდენტთან ოპოზიციის შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელებენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მექანიზმებზე.
„დღევანდელი შეხვედრა უკავშირდება იმას, რაზეც ჩვენს მოსაზრებებში არანაირი განსხვავება არ არის, ეს არის დაპატიმრებული ადამიანების განთავისუფლება უპირობოდ, მათ შორის, სისხლის სამართლებრივი დევნაც უნდა შეწყდეს.
მეორე, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ არჩევნები ჩატარდეს და არჩევნები უნდა აკმაყოფილებდეს საბაზისო დემოკრატიულ სტანდარტებს. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს იმ ინსტიტუტების განეიტრალება, რომლებიც იპარავენ არჩევნებს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, მზადდება დოკუმენტიც, რომელშიც არჩევნების ძალიან მალე ჩატარებისთვის მინიმალური პირობები იქნება წარმოდგენილი.