მე მესმის გიორგი ბაჩიაშვილის, როგორც პირადი ტყვე, რაღაც შეთანხმებაზე წავიდა – მოუწია აღიარება, რადგან თვითონ პატიმრობაში იყო, მშობლები დევნილობაში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხემძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს შეეძლო წასულიყო უფრო გრძელი გზით, რამდენიმე წელი ციხეში ყოფილიყო და საბოლოო ჯამში სტრასბურგში დამტკიცდებოდა სიმართლე.
„ეს საქმე აჩვენებს რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუტები. საქართველოში არცერთი ინსტიტუტი აღარ ფუნქციონირებს. ასეთი მოშლილი სახელმწიფო ინსტიტუციები ავტოკრატიასაც არ ახასიათებს. ნებისმიერი ფორმის დიქტატურას ჭირდება ინსტიტუციური წესრიგი. მე მესმის გიორგი ბაჩიაშვილის, როგორც პირადი ტყვე, რაღაც შეთანხმებაზე წავიდა. ძალიან რთული იქნებოდა, არ ვიცი ოდესმე მოჰყვება თუ არა, მაგრამ მას რეალურად მოუწია აღიარება იმიტომ, რომ თვითონ პატიმრობაში იყო, მშობლები დევნილობაში. როგორც ჩანს და როგორც გუშინ ადვოკატმა ისაუბრა, ფინანსური გარიგება შედგა კონკრეტულ ადამიანთან. როგორც კი შედგა გარიგება ერთ კაცთან, სამართალიც გადაწყდა.
სხვა შემთხვევაში, გიორგი ბაჩიაშვილს შეეძლო წასულიყო უფრო გრძელი გზით, რამდენიმე წელი შეიძლება მჯდარიყო და საბოლოო ჯამში სტრასბურგში დამტკიცდებოდა სიმართლე და გამოჩნდებოდა მისი დანაშაულები ან უდანაშაულობა, მის წინაშე უსამართლობა, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ისეთი ქვეყანა, სადაც არ არსებობს არცერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, არც მართლმსაჯულებაა, არც პარლამენტი არც აღმასრულებელი ხელისუფლება, არც პრესსამსახურები, ყველაფერი არის ერთი ფეოდალური სისტემის მსახურებაში; ეს სისტემა ისე ალაგებს სამართალს, როგორც ერთ კონკრეტულ ადამიანს უნდა. ერთი ადამიანის სამართალი გვაქვს ჩვენ“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმრო 18 თებერვალს დატოვა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაული აღიარა, აანაზღაურა ზიანი და გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის მაისში დააკავა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.
ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




