ბოლო პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა ფიასკო განიცადეს – ნაწილი ციხეში წავიდა, ნაწილი ბოიკოტში, ნაწილი არჩევნებზე, ნაწილი რევოლუციაზე და სულ ყველამ წააგო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, აღნიშნული შედეგები პარტიათა დაქსაქსულობამ მოიტანა.
პოლიტიკური პარტიების ფიასკოს მიუხედავად, პროტესტი გრძელდება.
„4 ოქტომბრის მაგალითზე რომ ვთქვათ, ისედაც ფრაგმენტირებული და დაშლილი ოპოზიცია კიდევ უფრო ფრაგმენტირებული გამოვიდა. ნაწილი ციხეში, ნაწილი ბოიკოტში, ნაწილი არჩევნებში, ნაწილი რევოლუციაში და სულ ყველამ წააგო. ეს იყო პოლიტიკური პარტიების ფიასკო, თუმცა პროტესტი გრძელდება. ფიასკო იყო იმიტომ, რომ 4-5 სხვადასხვა მიმართულებით მიდიოდნენ. არ შედგა არც არჩევნებში მონაწილეობით დამარცხება, არჩევნებში მონაწილე პარტიებმა ფაქტობრივად გაინადგურეს თავისი ელექტორალური ბაზა. ბოიკოტიც ვერ შედგა, რადგან როგორც მინიმუმ რამდენიმე პარტიამ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ე.წ. გამოცხადებული რევოლუციაც არ შედგა იმიტომ, რომ ლიდერები არიან ციხეში, პროვოკაციას აყოლილი ხალხი არის ციხეში და ისინი კიდევ ცალკე საშველები არიან. რაც შედგა, ეს არის პარტიათა დაქსაქსულობა, რომელმაც მოიტანა ეს შედეგი.
პოლიტიკური პარტიების ფიასკოს მიუხედავად, პროტესტი გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ პროტესტს დიდად გულზე არ ეხატება პოლიტიკური პარტიები, პროტესტი არ გამქრალა. პროტესტი არის სულის გამოძახილი რაღაც უსამართლობის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანაში არის“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
დიმიტრი ცქიტიშვილის მოსაზრებით, უნდა შეიქმნას ერთიანი ფრონტი და ასევე კარგი იქნება თუ გარკვეული ოპოზიციური პარტიები „გამსხვილდებიან“.
„მე რამდენადაც ვიცი, კოორდინაცია და რაღაც შეხვედრები არის. თუ იქნება საუბარი ერთიან ფრონტზე, ეს უნდა იყოს ძალიან ასიმეტრიული. ეს შეიძლება იყვნენ ახლად წარმოჩენილი ლიდერები სამოქალაქო მოძრაობებიდან. პოლიტიკური პარტიები ფაქტობრივად ყველა გათანაბრდა. ეს შეიძლება იყოს ასიმეტრიული ერთობა თუ კოორდინაცია ჯგუფების და ადამიანების, რომელმაც უნდა იბრძოლოს ერთიანი სტრატეგიით. შეიძლება ვიღაცა ვიღაცასთან გაერთიანდეს კიდეც, ძალიან კარგი იქნება თუ პარტიები გამსხვილდებიან. მიუხედავად იმისა, როგორი მდგომარეობაა ოპოზიციურ ფლანგზე, ხელისუფლებას უმძიმესი სიტუაცია აქვს ქვეყანაში და მასზე პასუხისმგებელი პირველ რიგში ხელისუფლებაა“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.




