შეიძლება ჩავთვალოთ, რომ დიპლომატისთვის ცოტათი გადაჭარბებული იყო, მაგრამ დანიის ელჩმა გაიმეორა ის, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციაშია ნახსენები და საერთაშორისო ტერმინებში უკვე გამოიყენება , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, ორგანიზაცია „პროგრესული ფორუმის“ თავმჯდომარე, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რითაც დანიის ელჩის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო თანამეგობრობაში რომ ოლიგარქად მოიხსენიებენ, „ეუკვე შემდგარი ფაქტია“, მაგრამ ის, რომ ფაქტი შედგა, „ქართული ოცნების“ დამსახურება.
დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, დანიელი დიპლომატის საგარეო უწყებაში დაბარება პროტოკოლის ნაწილია, თუმცა, თუ უფრო მკაცრი რეაქცია მოჰყვება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ეს ნამდვილად გადაჭარბებული იქნება.
„ეს პროტოკოლური ნაწილია. თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო და მთავრობა თვლის, რომ იყო გადაჭარბებული შეფასებები, დიპლომატიური დემარშის ასეთი ფორმა გასაგებია. პროტოკოლშია გაწერილი. უბრალოდ, რამდენად საკმარისი იყო განმარტებები, ეს მეორე საკითხია. თუ ამას მოჰყვება გაგრძელება, ეს კიდევ უფრო ცუდი იქნება უკვე საქართველოსთვის, იმიტომ, რომ დანია არის ჩვენი მხარდამჭერი ქვეყანა. ეს ტერმინი დაამკვიდრა ქართულმა ხელისუფლებამ და არა დანიის ხელისუფლებამ. მოსალოდნელია, რომ უფრო მკაცრი რეაქცია მოჰყვეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ეს ნამდვილად იქნება გადაჭარბებული შეფასება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მოქმედი ლიდერის ნეგატიურ კონტექსტში ხსენება დიპლომატის მხრიდან შეიძლება იყოს ცოტათი გადაჭარბებული“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ქმედებებმა და განცხადებებმა, რომელიც წლების განმავლობაში თავად ივანიშვილისგან მომდინარეობდა, დაამკვიდრა ოლიგარქის სტატუსი.
„მოსწონს თუ არა „ქართულ ოცნებას“ ან პირადად ივანიშვილს, მისი, როგორც ოლიგარქის სტატუსი ჩამოყალიბდა და დადგინდა საერთაშორისო თანამეგობრობაში. მას ასე უწოდებს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის მდიდარი. მდიდარი თავისთავად არ ნიშნავს, რომ ის ოლიგარქია. ოლიგარქი განმარტებით არის მდიდარი ადამიანი, რომელიც თავის ფინანსებს და რესურსებს იყენებს პოლიტიკური პროცესების მართვისთვის. ამ წლების განმავლობაში ქმედებებით და იმ განცხადებებით, რომელიც თავად ივანიშვილისგან მომდინარეობდა დაამკვიდრა ასეთი სტატუსი, შეფასება მის მიმართ და ამიტომ ძალიან ხშირად მოიხსენიებენ ოლიგარქად, დიპლომატები იქნებიან თუ უბრალოდ პოლიტიკის კომენტატორები სხვადასხვა ქვეყნებში.
პოლიტიკიდან წასვლის დროს ივანიშვილი აკეთებდა განცხადებებს, რომ რამდენიმე მნიშვნელოვან ადამიანთან ჰქონდა კომუნიკაცია. ანუ ის ჩართული იყო პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკურ პროცესებში. ის ჰყვებოდა, რომ ირჩეოდა ბიზნეს საკითხები მას, ჩხარტიშვილსა და კიდევ ვიღაცას შორის, გენერალური პროკურორი მივიდა მასთან სახლში და გაირჩა ეს საქმე. ეს არის ჩვეულებრივი ოლიგარქიული მმართველობის ტენდენციები, რომელმაც განაპირობა ის, რომ ივანიშვილს ოლიგარქი დაარქვეს. მე მესმის, რომ სახელმწიფოს და ხელისუფლების წარმომადგენლებს ეს ყურში ხვდება, არ მოსწონთ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ფაქტია, მათი ქმედებებით და მათი პოლიტიკიდან გამომდინარე ეს სახელი დაერქვა ქართულ პოლიტიკაში მოქმედ ერთ-ერთ გავლენიან ადამიანს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, ოფიციალური თბილისი დანიის ელჩისგან განმარტებას მის მიერ დანიურ მედიაში გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით ითხოვს, რომელშიც დიპლომატი ბიძინა ივანიშვილს უწოდებს ოლიგარქს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა.