დიმიტრი ცქიტიშვილი – თუ რეჟიმის შერყევა ადგილზე ვერ მოხდა, საერთაშორისო ინსტრუმენტები უძლური იქნება, ოპოზიციის ფრაგმენტაციის პირობებში კი შედეგი ვერ იქნება – არჩევნების გამარჯვების ნიშნად, ქუჩებში ვნახავთ „ოცნების“ დროშებიან მანქანებს

სახეზეა ოპოზიციის ფრაგმენტაცია – საუკეთესო შესაძლებლობა „ართული ოცნებისათვის“, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვოს! ეს არის იდეალური სცენარი „ქართული ოცნებისთვის“, რომელშიც პარტიები აღმოჩნდა თუ აღმოიჩინა თავი „ქართული ოცნების“ მიერ პროვოცირებული ხელშეწყობით – ოპოზიციას შორის დაძაბულობა და დაქსაქსულობა „ქართული ოცნებას“ მხოლოდ აძლიერებს, – აღნიშნული შეფასება „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა გააკეთა.
როგორც ცქიტიშვილი ამ კონტექსტში აცხადებს, 4 ოქტომბრის არჩევნებში ან ყველა უნდა წავიდეს ან არც ერთი არ უნდა წავიდეს.
ცქიტიშვილი ამბობს იმასაც, რომ სექტემბრიდან ოპოზიციურ პარტიებს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდება, ხოლო ოქტომბერში შეიქმნება მდგომარეობა, როცა უკიდურესი დაპირისპირება და პოლარიზაცია იქნება. ცქიტიშვილის აზრით, ამ ფონზე “ქართული ოცნება“ თავისუფლად, მშვიდად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიმარჯვებს და “კიდევ ერთ სახელისუფლო შტოს დაიპყრობს“.
როგორც პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი აცხადებს, შედეგად შემდგარ ელექტორალურ ავტოკრატიას მივიღებთ, რომლის მაგალითებიც მსოფლიოში არსებობს.
“4 ოქტომბერს დანიშნულია ადგილობრივი თვითმმართველობის . ამ არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს რაღაც პოლიტიკური აქტი მოუწევთ. ზოგი არჩევნებში მონაწილეობს, ზოგი არ მონაწილეობს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში 4 ოქტომბერი კალენდარში არის დღე და ამ კონკრეტულ დღესთან დაკავშირებით ქმედებები არის საჭირო.
პოლიტიკური სპექტრი ერთ მხარეს უნდა იყოს, რაც ახლა არ არის. ჩვენ პოლიტიკური სპექტრის ფრაგმენტაციას ვხედავთ – მათ შორის ვგულისხმობ ჩემს პარტიასაც. იდეურად არჩევნებში მონაწილეობა ცუდი არ იყო, რადგან საარჩევნო ინსტიტუციური პროცესი მნიშვნელოვანია, მაგრამ ბრძოლის ამ შესაძლებლობის გამოყენება შედეგს იმ შემთხვევაში იძლეოდა, თუკი ოპოზიციის სრული ჩართულობა იქნებოდა. ან ყველა არჩევნებში უნდა წავიდეს ან არც ერთი არ უნდა წავიდეს.
ვიღაცას 4 ოქტომბერს აქციის მოწყობა უნდა, ვიღაცას – სტადიონის შევსება, ვიღაცას – არჩევნებში გამარჯვება – არც ერთი არ გამოვა! ორი პარტია, რაც არ უნდა კარგი კანდიდატები წარადგინოს მან, არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს და შედეგს არც არჩევნების ბოიკოტი გამოიღებს.
პირადად მე, არა მხოლოდ როგორ ამომრჩეველი, არამედ როგორც პოლიტიკური აქტორი იმედგაცრუებული ვრჩები, რადგან ვხედავ, რომ ეს არაფერს მოიტანს – არაფერს მოიტანს არც არჩევნებში მხოლოდ ორი ოპოზიციური პარტიის მონაწილეობა და არც – ბოიკოტი“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ცქიტიშვილი აღნიშნული პროცესის შედეგად მოელის, რომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან მთელი ძალისხმევა და აგრესია უმეტესად ერთმანეთისკენ იქნება მიმართული და “ამ ვითარებაში რეჟიმი გაიმარჯვებს“.
“იმისათვის, რომ ერთმაც და მეორემაც რაღაც წარმატებას მიაღწიოს და მოქმედებას კონცენტრაცია-გრავიტაციას ძალა შესძინოს, ერთმანეთზე თავდასხმა სჭირდებათ. ეს გაგრძელდება და ამას ჩვენ ვხედავთ – იმისთვის, რომ არჩევნების ბოიკოტი შედგეს, არჩევნებში მონაწილეებს ხელისუფლებასთან შეკრული კოლაბორაციონისტები უნდა დაარქვან, ხოლო იმისათვის, რომ არჩევნებში მონაწილეებმა ოპოზიციური ელექტორატის ყურადღება მიიპყრონ, მათ სჭირდებათ თქვან, რომ ბოიკოტის მონაწილეები მარგინალური ძალები არიან. ეს არის ამ პროცესის ლოგიკა!
ოპოზიციური ამომრჩევლის 30-40% ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღების წინააღმდეგია და არჩევნებში მათი მიყვანა წარმოუდგენელი იქნება. ჩვენ 90%-იანი ოპოზიციური ელექტორატი არა გვაქვს. ამ შემთხვევაში მოხდება ოპოზიციური ელექტორატის გაყოფა. ისეთ დაქსაქსულ პირობებში, რაც დღეს გვაქვს, გამოდის, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიების და“ქართულ ოცნებასთან“ მხარდაჭერა თანაბარი იქნება. როცა რეჟიმთან თანაბარ პირობებში ხარ, ის ყოველთვის დაგამარცხებს, ხოლო რეჟიმს მნიშვნელოვნად უნდა მოუგო იმისთვის, რომ დაამარცხო გინდ არჩევნებში, გინდ – არჩევნებს მიღმა.
“ქართულ ოცნებას“ ადმინისტრაციული, ფინანსური, თუნდაც გაყალბებისა და მოსყიდვის იმდენი რესურსი აქვს, ამის შეკავება მხოლოდ ორი პარტიის ძალისხმევით შესაძლებელი არ არის. თბილისის მერობის კანდიდატი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, მისი დამარცხება შესაძლებელია თუ საარჩევნო პროცესში ყველა ოპოზიციური ძალა იქნება ჩართული ან ყველა იქნება ჩართული არჩევნების პროტესტის პროცესში. ყველა სხვა შემთხვევაში არჩევნებში დამარცხება გარანტირებულია და მერობის კანდიდატად სულ რომ ახალი ადამიანი დაასახელონ, ისიც კი მოიგებს.
მე ნამდვილად ვეღარ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში მთელი ოპოზიციური სპექტრი ჩაერთოს, ამიტომ ამ არჩევნების იგნორირებითაც შეიძლება “ქართული ოცნება“ გარკვეულ დამარცხებამდე მივიყვანოთ და გამარჯვება არ ვაზეიმოთ, რადგან თუ ისინი არჩევნებზე მარტო დარჩებიან, გამარჯვებას ვერ იზეიმებენ“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი იმასაც აღნიშნავს, რომ თუკი ოპოზიციამ ადგილზე რეჟიმის შერყევა ვერ შესძლო, ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტი უძლური იქნება.
“საერთაშორისო ინსტრუმენტები პროცესს შეიძლება დაეხმაროს, მაგრამ თუ ოპოზიცია ფრაგმენტირებული იქნება – ზოგი არჩევნებზე წავა, ზოგი წავა ბოიკოტზე, ზოგი ბოიკოტზეც არ წავა, ეს ვერავითარ შედეგს ვერ მოიტანს. 4 ოქტომბერს “ქართული ოცნება“ გამარჯვებას აღნიშნავს და ქალაქში მოსიარულე “ოცნების“ დროშებიან მანქანებს ვიხილავთ. ეს საპროტესტო მოძრაობის მნიშვნელოვანი ზიანი იქნება.
მსოფლიოში ბევრი რეჟიმია, სადაც ჩამოყალიბებულია ელექტორალური ავტოკრატია – აქაც ეს მოცემულობა ჩამოყალიბდება, რაც არის დაუშვებელი“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.