ჩვენც ის მოქალაქეები ვართ, რომლებიც მოსახლეობასთან ერთად ვართ შეშფოთებულები იმ უმსგავსობით, რომელიც ამ ქვეყანაში ხდება – ჩვენი პარტიაც ამ პროტესტის მონაწილეა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში არის უსამართლობის “ძალიან მწვავე” განცდა.
„ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია- ქვეყანაში არის უსამართლობის ძალიან მწვავე განცდა. სხვადასხვა მომენტში, სხვადასხვა ადგილას, ალბათ, იქნება ასეთი უკმაყოფილების გამოხატვის პროცესი. დღევანდელი აქცია, რომ დაიწყო რუსთაველზე, იქ ვიყავი, შემდეგ გადმოინაცვლეს ვერა-ვაკის ტერიტორიაზე. ჩვენ ამ პროტესტის მონაწილეები ვართ. ჩვენც ის მოქალაქეები ვართ, რომლებიც მოსახლეობასთან ერთად ვართ შეშფოთებულები იმ უმსგავსობით, რომელიც ამ ქვეყანაში ხდება. არამხოლოდ დღევანდელობა, არამედ მომავალი კვდება. მომავალს უკლავენ ამ ქვეყანას. ეს პროტესტი არის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში და თაობაში. ზოგს შეიძლება მოეწონოს ესთეტიკა, ზოგს შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ ფაქტია, რომ პროტესტია და მათ შორის ჩვენი პარტიაც ამ პროტესტის მონაწილეა.
ამ პროტესტის მონაწილე ვიქნები მანამ, სანამ არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების ნორმალურ გზას“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
კითხვაზე, რომელიც პარლამენტის შეკრებას შეეხებოდა, ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, შეიძლება, პარლამენტში წინა დღით შეიპარონ, მაგრამ ისინი საზოგადოების უკმაყოფილებას ვერ დაემალებიან.
„შეიძლება შეიკრიბონ, შეიძლება წინა ღამით შეიპარონ ან მერე გამოიპარონ. ფაქტია, რომ ისინი ვერ გაექცევიან და დაემალებიან საზოგადოების იმ უკმაყოფილებას, რომელიც იქნება სწორედ მათი ასეთი ჯიუტი და თავხედი მოქმედებებით. შეიძლება შეიკრიბონ, მაგრამ ვფიქრობ, [პარალელურად] საზოგადოებაც ძალიან აქტიურად შეიკრიბება იმისთვის, რომ მსოფლიოს დავანახოთ, რომ საზოგადოება ამ არჩევნების შედეგებს და კონკრეტულად ამ პარლამენტს არ აღიარებს. ეს იქნება ძალიან მკაფიო. ვფიქრობ, 25-ში იქნება დიდი და მასშტაბური აქცია, რომელიც მთელ მსოფლიოს დაანახებს, რომ საზოგადოება არ ეგუება. ასევე, იქნება ყველა შემდგომ ისეთ სესიაზე, სადაც რაიმე გადაწყვეტილების მიღება დასჭირდებათ. ჩვენ არათუ არჩევნების შედეგები არ უნდა ვაღიაროთ, არამედ ამ პარლამენტის მიღებული გადაწყვეტილებები, პრაქტიკულად, ყველა არალეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დავაყენოთ და მათ ძალიან გაუჭირდებათ ამ პროცესში ქვეყნის მართვა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირზე სამი კარავია გაშლილი. ადგილზე მიტანილია პლედები და პარალონები.