ვერანაირ გამარჯვებას ვერც ბოიკოტი ვერ შეძლებს და ვერც პოლიტიკური ძალები , – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
ცქიტიშვილის თქმით, თუ არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიების მხოლოდ ნაწილი მიიღებს, ეს არსებული სტატუს-კვოს შეგუება და ნორმალიზება იქნება.
„ამას საჯაროდაც ვამბობდი, რომ თუ იქნება კონსოლიდაცია, თუ იქნება მონაწილეობის ერთიანი სტრატეგია, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორ შეიძლება საარჩევნო კამპანიისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის გზით საარჩევნო ელექტორატის კონსოლიდაცია მოახდინო და მოახდინო „ქართული ოცნების“ რეჟიმის იძულება, რომ დათმობაზე წამოვიდეს და ეს ერთ-ერთი დემოკრატიული, მშვიდობიანი და მნიშვნელოვანი გზა არის, მაგრამ მაშინ, როდესაც ორ პოლიტიკურ ფლანგად არის ჩამოყალიბებული პოლიტიკური სპექტრი, როდესაც მეტ-ნაკლებად იწყება ურთიერთ თავდასხმები და ამას ვერ ავიცილებთ, თუ ორი სტრატეგიულად განსხვავებული მიზანი იქნება, შესაბამისად, ეს ძალიან დამაზიანებელი იქნება, ვერანაირ გამარჯვებას ვერც ბოიკოტი ვერ შეძლებს, ვერანაირ გამარჯვებას ვერც პოლიტიკური ძალები ვერ შეძლებენ მცირე ფრაგმენტაციის პირობებში.
მნიშვნელოვანია ან ერთ ან მეორე სტრატეგიულ ამოცანაზე შეთანხმება. მიმაჩნია, რომ თუ ოთხივე პარტია მიიღებდა მონაწილეობას (თვითმმართველობის არჩევნებში), ოპოზიციური პოლიტიკური ველი იქნებოდა ძალიან ძლიერი, ამ პირობებში შესაძლებელი იქნებოდა, რომ მოგვემხრო ის საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც ახლა ძალიან კრიტიკულები არიან არჩევნებში მონაწილეობის თვალსაზრისით, მაგრამ ეს არ გამოვიდა და ჩვენ დავინახეთ ორად გაყოფილი ფლანგი.
თუ ოპოზიციური პარტიების მხოლოდ ნაწილი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ეს ავტომატურად ითარგმნება (და ეს უკვე ჩემი სიტყვები აღარ არის), როგორც არსებული სტატუს-კვოს შეგუება ან ნორმალიზების მდგომარეობა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
კითხვაზე, ამ მოცემულობის მიუხედავად, რატომ არ ამბობს უარს არჩევნებში მონაწილეობაზე გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ ამ მოცემულობაში უკვე დასაფიქრებელია მონაწილეობის საკითხი.
მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში არჩევნები, ამ პოლიტიკური სპექტრით თეორიულადაც აღარ ტოვებს რამე კონკრეტული შედეგის მიღწევის შანსს, შესაბამისად, საფიქრალია.
„არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ დღეს, უკვე ამ მოცემულობაში საფიქრალი არის. იყო მცდელობები, იყო საუბარი, რომ ჩვენ მივდივართ და იქნებ ამით სხვებსაც გასჩენოდათ სურვილი (მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა), მაგრამ მივედით იქამდე, სადაც მივედით, როდესაც პოზიციები ურთიერთსაწინააღმდეგოა, რომელიღაცამ უნდა დათმოს.
მიუხედავად იმისა, რომ კიდევ მგონია, არჩევნები არის თუნდაც დიქტატურასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, ამ ეტაპზე ასეთი არჩევნები, ამ ვითარებაში ასეთი ფრაგმენტული პოლიტიკური სპექტრით თეორიულადაც აღარ ტოვებს რამე კონკრეტული შედეგის მიღწევის შანსს, არა თუ რომელიმე ქალაქის მოგების. ამ შემთხვევაში არჩევნებში შესვლა არსებული სტატუს-კვოს ნორმირებას მოემსახურება და ამ შემთხვევაში, უკვე ჩემი ინტერპრეტაციაა, რომ თუ ამ მდგომარეობის ნორმირებას ემსახურები, პასუხისმგებლობაც ინაწილებ იმაზე, რა შედეგებიც ამას მოჰყვება“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.
