დღეს ცნობილი გახდა, რომ ეუთოს წევრმა 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად მოსკოვის მექანიზმი აამოქმედა – შეიქმნება ექსპერტთა დამოუკიდებელი მისია, რომელიც დაადგენს ფაქტებს და გააკეთებს შესაბამის რეკომენდაციებს.
პოლიტიკოსი დიმიტრი ცქიტიშვილი ეუთოს ადამიანის უფლებების დარღვევების შემსწავლელი მექანიზმის ამოქმედების ფაქტს ეხმაურება.
„რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ეუთოს სპეციალური მექანიზმის ამოქმედებას?
ეს არ არის უბრალოდ მორიგი მკაცრი საერთაშორისო პროცესი. ეს არის მექანიზმი, რომელიც აფასებს რეჟიმის ანტიდემოკრატიულობის მასშტაბებს და მაღალი ალბათობით დაადგენს კონკრეტულ დანაშაულებს.
ეს ავტომატურად არ გამოიწვევს ყველა ლიდერის სანქცირებას, მაგრამ მნიშვნელოვნად დააჩქარებს პერსონალურ სანქციებს.
გამოძიება და მისი დასკვნა ოცნებას საერთაშორისო სისტემაში აქცევს კეთროვნად.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი!?
ბოლო პერიოდში რეჟიმის მთავარი ამოცანა საერთაშორისო არენაზე არა ევროინტეგრაციის აღდგენა, საერთაშორისო დემოკრატიული ლეგიტიმაცია ანდა აშშ-სთან ურთიერთობების „გადატვირთვაა“. მისი რეალური მიზანი არის ცალკეულ ქვეყნებთან ტრანზაქციული კავშირების აღდგენა და შენარჩუნება.
სრული იზოლაციის პირობებში ეს შეუძლებელი ხდება.
რეჟიმი ვეღარ გამოიყენებს საქართველოს სანქცირებული და უკანონო კაპიტალის გასათეთრებლად (ყულევი, ე.წ. არაბული „ინვესტიციები“ და სხვ.) და დაკარგავს მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ფინანსურ რესურსებს! ასეთი უსიცოცხლო სისტემა არც რუსი ოლიგარქებისთვის არის საინტერესო და რუსული რეჟიმისთვისაც ზედმეტი ტვირთი და თავის ტკივილია.“ – წერს დიმიტრი ცქიტიშვილი.




