დიმიტრი ცქიტიშვილი – ბრიუსელში დაგეგმილი ფორუმში მნიშვნელოვანია იმის საჩვენებლად, რა შედეგები შეიძლება დადგეს სამომავლოდ ჩვენს ქვეყანაში, თუკი ივანიშვილის რეჟიმის მიმართ არ იქნება ცალსახა და მკაცრი ქმედებები განხორციელებული

2025 წლის 15 იანვარს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში ბელარუსული დემოკრატიული ძალების და ევროპული პოლიტიკური პარტიების ერთობლივი დემოკრატიული ფორუმი “8+100” გაიმართება. საქართველოდან ფორმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი . ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ფორუმი „აერთიანებს ბელარუსის რვა დემოკრატიულ პარტიას, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმმა დაშალა და 100-ზე მეტ ევროპულ პოლიტიკურ პარტიას“.
პარტიის ინფორმაციით, ფორუმის მიზანია, პარტიათაშორისი თანამშრომლობის მეშვეობით, გაძლიერდეს ბელარუსის დემოკრატიული ძალების მხარდაჭერა.
დიმიტრი ცქიტიშვილი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში „არა- 2025: სტრატეგიები და ტაქტიკა ბელარუსის დემოკრატიული ძალებისა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის.“
ფორუმზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ბელარუსში არსებული პოლიტიკური ვითარება, პოლიტიკური პატიმრების მდგომარეობა ქვეყანაში და პოლიტიკური დევნილი ბელარუსი ემიგრანტების წინაშე არსებული გამოწვევები.
„ფორუმი მნიშვნელოვანი ფორმატია იმისათვის, რომ ევროპულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბელორუსის დემოკრატიულ ძალებს შორის მიმდინარეობდეს კოორდინირებული მუშაობა, მხარდაჭერა იყოს მიზანმიმართული და პასუხობდეს ყველა იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ბელორუსი დემოკრატიული ძალები დგანან. ჩვენი ჩართულობა ამ ფორუმში მნიშვნელოვანია იმის საჩვენებლად, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს სამომავლოდ ჩვენს ქვეყანაში, თუკი ივანიშვილის რეჟიმის მიმართ არ იქნება ცალსახა და მკაცრი ქმედებები განხორციელებული“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.