ადრე თუ გვიან „რუსულ ოცნებას“ დათმობა და სახლში წასვლა მოუწევს! ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, რათა დრო არ დავკარგოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი შაშკინმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას: ხომ არ ჩქარობს ოპოზიცია პრეზიდენტთან ერთად სპეციალური საბჭოს შექმნას, რომელიც ახალი არჩევნების ჩატარებას მოამზადებს, მაშინ როცა „ქართული ოცნება“ ახალი არჩევნების სამართლებრივ საფუძველს ვერ ხედავს.
როგორც შაშკინმა ამ კონტექსტში აღნიშნა, პოლიტიკური სპექტრი პარლამენტის ახალი არჩევნებისთვის, “რომელიც “რუსული ოცნების“ ადმინისტრაციის ქვეშ არ უნდა გაიმართოს“, მზად უნდა იყოს.
შაშკინი იმასაც ამბობს, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული არჩევნები სანდო არ არის და ეს 26 ოქტომბრის არჩევნებმა დაადასტურა.
“მსოფლიოში ჩამოყალიბებულია არჩევნების გაყალბების შვიდი დონე. არჩევნების დროს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა პრობლემები არსებობს, მაგრამ საქართველო უნიკალურია, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნებზე გაყალბების შვიდივე დონე იყო გამოყენებული. ეს იმაზე მეტყველებს, რომ არის ინსტიტუციურად ჩამოყალიბებული სისტემა, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე დგას.
IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ჩანს, რომ საქმე გვაქვს არა რაღაც ბიულეტენების ურნაში ჩაყრასთან და ცალკეულ პრობლემებთან, არამედ სისტემურ ინსტიტუციურ პრობლემებთან. გამომდინარე აქედან, ახალ არჩევნებზე საუბარი შესაძლებელია არა ამ ადმინისტრაციის პირობებში. ბევრი საერთაშორისო ბერკეტი არსებობს, რომლის გამოყენებით სამართლიანი არჩევნების ჩატარება შესაძლებელია. თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ეს ცესკო არჩევნებს ჩაატარებს, ძალიან სცდება.
ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით, ახალმა ტექნოლოგიებმა არჩევნების ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური პრინციპი – ფარულობა შელახა. როგორ შეიძლება ამ ტექნოლოგიებით არჩევნების ჩატარება, როცა ფარულობა უზრუნველყოფილი არ არის?! როცა ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით 40%-ის შემთხვევაში ფარულობა არის დარღეული, რა არჩევნების ჩატარებაზე შეიძლება საუბარი?!“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
შაშკინის შეფასებით , “ქართულ ოცნებას“ არავითარი იდეოლოგია, გარდა ფულისა, არ გააჩნია. ამიტომ, მისი აზრით, “როდესაც საფრთხე ფულს დაემუქრება, სწორი გადაწყვეტილებების მიღებას დაიწყებენ და ქვეყანას თავს დაანებებენ“.
“ოლიგარქს საქართველოს ბედი საერთოდ არ აინტერესებს. მათი მთავარი ამოცანაა თვითონ და მათი ოჯახები ფინანსურად იყოს კარგად. ესენი 1917 წლის ბოლშევიკები არ არიან, რომლებსაც მსოფლიოში კომუნიზმის გავრცელების იდეა ამოძრავებდათ. მათი იდეა არის მხოლოდ ფული. “ქართული ოცნების“ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაასახელა კონკრეტული ციფრი, თუ რამდენი მიაქვთ სახლში. ამ ხალხს აქვთ ძალიან დიდი ფული და მხოლოდ ფული აინტერესებთ. როდესაც მათ ფულს საშიშროება შეექმნება, სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. როდესაც რუსი ინსტრუქტორების მიმართ შიში უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე ფულის დაკარგვის შიში, ყველაფერი კარგად იქნება და ქვეყანას თავს დაანებებენ. მათ იმედნი ფული აქვთ, რომ თაობები იცხოვრებს“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა ისიც, რომ ახლა პროცესი ქუჩაში მთლიანად ხალხს და იმ თაობას მიჰყავს, რომელიც წინა თაობებისგან ბევრი ნიშნით განსხვავდება და დასაკარგი არაფერი აქვს.
“ეს ის თაობაა, რომელსაც სხვა თაობებისგან განსხვავებით კრიტიკული აზროვნების ძალიან მაღალ დონე გააჩნია. მათზე პროპაგანდა არ მუშაობს და ნებისმიერ “ფეიკს“ ერთ საათში ფაზლებად შლიან. მათზე არ მუშაობს შიში, მოსყიდვა. ეს არის გაჯეტების თაობა, რომელიც ინფორმაციას წამებში ამუშავებს. “რუსულმა ოცნებამ“ ვერ გაითვალისწინა, რომ ეს ხალხი გამოვიდოდა. გამოვიდნენ იმიტომ, რომ მათ მომავალი წაართვეს და ბაღდადის უნივერსიტეტებში სწავლა შესთავაზეს.
“ქართულმა ოცნებამ“ ვერ გათვალა, რომ ამ ხალხს დასაკარგი არაფერი აქვს, რადგან ეს არის მათი მომავალი – ვერ გათვალეს, რომ ამ ახალგაზრდებს არ სურთ იარო მოსკოვში, პეტერბურგში ან ყაზანში. განათლების სამინისტრო ახალგაზრდებს სთავაზობს არა პარიზის, ბერლინის ან ნიუ-იორკის უნივერსიტეტებს, არამედ ბაღდადის უნივერსიტეტებს და ქართველებს არ უნდათ არც ბაღდადში და არც რუსეთში სიარული. მათ უნდა იქ, სადაც ისტორიულად არის – ეს არის ევროპა!“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.