უახლოეს მომავალში პუტინის, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა ნაკლებად სავარაუდოა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“პრეზიდენტი პუტინი კონტაქტების იდეას მხარს უჭერს, მაგრამ მიაჩნია, რომ ისინი კარგად უნდა იყოს მომზადებული. პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მსგავსი კონტაქტები ტექნიკურ და ექსპერტების დონეზე შემუშავებული შეთანხმებების შედეგი უნდა იყოს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ამასთან, პესკოვის თქმით, კრემლი სტამბოლში რუსული მხარის მიერ უკრაინის დელეგაციისთვის გადაცემულ მემორანდუმზე რეაქციას ელოდება.
„მუშაობა გაგრძელდება. გადაცემულ მემორანდუმზე რეაქციას ველოდებით. კონფლიქტის მოგვარების საკითხი უკიდურესად რთულია, ის ბევრი ნიუანსისგან შედგება. მემორანდუმი ამ კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას ისახავს მიზნად“, – აღნიშნა პესკოვმა.
