რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის პირადი შეხვედრა აუცილებლად გაიმართება, რომელზეც პრეზიდენტები მნიშვნელოვან შეთანხმებებს დააფიქსირებენ, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„შესაძლოა (შეხვედრა) ასევე საჭირო იყოს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების დასაფიქსირებლად, რომლებიც დროთა განმავლობაში უზარმაზარი სამუშაოს შესრულების შემდეგ მიიღწევა. თუმცა, ეს დრო ჯერ არ დამდგარა. ეს სამუშაო ჯერ კიდევ შესასრულებელი რჩება“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, უკრაინის საკითხის მოგვარება ხანგრძლივი და რთული პროცესია, რომელიც ძალისხმევას მოითხოვს და ვაშინგტონი ამას სულ უფრო უკეთ ხვდება.
„ტრამპი მსოფლიოში უდიდესი ქვეყნის, მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკის პრეზიდენტია. და პლუს, ყველა უკვე შეეჩვია, ასე ვთქვათ, მის საკმაოდ მკაცრ და პირდაპირ რიტორიკას. ამავდროულად, იგი ადასტურებს თავის განზრახვას, გააკეთოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად“,- აღნიშნა პესკოვმა.
მისი მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა უკრაინაში სიტუაციის მშვიდობიან კალაპოტში რაც შეიძლება სწრაფად გადაყვანის სურვილის შესახებ. პესკოვის თქმით, რუსეთი მზადაა, ამ საკითხთან დაკავშირებით სწრაფად იმოძრაოს, მაგრამ მოსკოვისთვის მთავარია, თავის მიზნებს მიაღწიოს.
„ჩვენი მიზნები ნათელია, აშკარაა და არ იცვლება“, – აღნიშნა პესკოვმა.
