ვაშინგტონისა და ნატო-ს ქვეყნების გადაწყვეტილებებს კიევი ომის გაგრძელების სიგნალად აღიქვამს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „უკრაინისთვის იარაღის გასაგზავნად ნატო-სთან შეთანხმებას მიაღწია“.
„დანამდვილებით ერთი რამის თქმა შეიძლება: როგორც ჩანს, ვაშინგტონში, ნატო-ს ქვეყნებსა და ბრიუსელში მიღებულ მსგავს გადაწყვეტილებებს, უკრაინული მხარე არა მშვიდობის სიგნალად, არამედ ომის გაგრძელების სიგნალად აღიქვამს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, გუშინ, დონალდ ტრამპის მიერ თეთრ სახლში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებები „ძალიან სერიოზულია“.
„აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები ძალიან სერიოზულია, ზოგიერთი მათგანი პირადად პრეზიდენტ პუტინისკენ არის მიმართული. ჩვენ დრო გვჭირდება, რათა გავაანალიზოთ ის, რაც ვაშინგტონში ითქვა“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მარკ რუტესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტით, ვლადიმერ პუტინით „ძალიან იმედგაცრუებულია“.
„პუტინთან ბევრს ვსაუბრობ და საუბრის შემდეგ ყოველთვის ვამბობ, რომ ეს კარგი სატელეფონო ზარი იყო. თუმცა, ამის შემდეგ კიევისა და სხვა ქალაქების მიმართულებით რაკეტებს უშვებენ. როცა ეს სამჯერ და ოთხჯერ ხდება, შემდეგ უბრალოდ ამბობ, რომ საუბარს აზრი აღარ აქვს. მასთან ჩემი საუბრები ყოველთვის სასიამოვნოა. როცა სახლში ვბრუნდები პირველ ლედის ვეუბნები, რომ დღეს ვლადიმერთან მშვენიერი საუბარი მქონდა. ის კი მეუბნება: მართლა? ახლახან კიდევ ერთი ქალაქი დაბომბეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
