რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტილებებს ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იღებს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ პუტინის ქმედებების შესახებ გამოთქმულ უკმაყოფილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„რა თქმა უნდა, მოლაპარაკების პროცესის დაწყება, რისთვისაც ამერიკულმა მხარემ დიდი ძალისხმევა გასწია, ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა და ჩვენ ნამდვილად მადლიერები ვართ ამერიკელების, პრეზიდენტ ტრამპის ამ მოლაპარაკების პროცესის ორგანიზებასა და დაწყებაში მათი დახმარებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. რა თქმა უნდა, ამავდროულად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რაც დაკავშირებულია აბსოლუტურად ყველას ემოციურ გადატვირთვასა და ემოციურ რეაქციებთან. ყურადღებით ვაკვირდებით ყველა რეაქციას. ამავდროულად, პრეზიდენტი პუტინი იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
კრემლის პრესსპიკერი გამოეხმაურა ტრამპის განცხადებებს, რომელმაც სოციალურ ქსელებში უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ქმედებების გამო.
პესკოვის თქმით, ყველამ იხილა, „თუ როგორ დაემუქრა კიევის რეჟიმი უცხოელ ლიდერებს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მოსკოვში ჩასვლის წინ“.
„კიევის რეჟიმისგან ეს მუქარა ყველამ გაიგო და ბევრმა ლიდერმა, რომლებიც აქ იმყოფებოდნენ, ფაქტობრივად, იხილა კიევის რეჟიმის მცდელობა, ასეთი მნიშვნელოვანი დღის წინა დღეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, დიდ ქალაქებსა და დედაქალაქზე დრონებით თავდასხმა განეხორციელებინა. ეს მცდელობები გრძელდება, ჩვენ იძულებულნი ვართ მივიღოთ ზომები და პრეზიდენტი პუტინი აკეთებს იმას, რაც აუცილებელია რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით უკმაყოფილოა.
„არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა პუტინს, მე მას დიდი ხანია ვიცნობ. ყოველთვის კარგად ვუგებდი. მაგრამ ის ქალაქებში რაკეტებს აგზავნის და ხალხს კლავს და ეს არ მომწონს. არ მომწონს ის, რასაც პუტინი აკეთებს. ოდნავადაც კი არა. ის ხალხს კლავს. ამ კაცს რაღაც დაემართა და ეს არ მომწონს“, – აღნიშნა ტრამპმა.
მოგვიანებით ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პუტინი „აბსოლუტურად გაგიჟდა“.
„ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ მას რაღაც დაემართა. ის აბსოლუტურად გაგიჟდა! ის კლავს უამრავ ადამიანს და მე მხოლოდ ჯარისკაცებზე არ ვსაუბრობ. უკრაინის ქალაქებს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, რაკეტებსა და დრონები ესვრიან“, – აღნიშნა ტრამპმა.
