ჩვენი დაჩოქება შეუძლებელია და რაც უფრო სწრაფად გააცნობიერებენ ამას ჩვენი მოწინააღმდეგეები, მით უკეთესი, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.
„ბოლოს და ბოლოს, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის საუბარი შედგა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ ყველა მაღალი დონის კონტაქტი შეზღუდა, მათ რუსეთის დასჯა და დამცირება სურდათ. შედეგი კი ის იყო, რომ სამყარო აპოკალიფსის ზღვარზე მივიდა“, – წერს დიმიტრი მედვედევი.
მისი თქმით, „პატარა, წინააღმდეგობრივ, მაგრამ ურთიერთდამოკიდებულ სამყაროში წამყვანი ქვეყნის ან პლანეტის მმართველის არსებობა არ შეიძლება“.
„ეს არის გაკვეთილი, რომელიც ქედმაღალმა ამერიკულმა ელიტამ და ე.წ. „დიფ სთეითმა“ (აშშ-ის ბიუროკრატია) უნდა ისწავლონ. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ კონტაქტები და კონსულტაციები ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე რუსეთის მსგავსი ქვეყნისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების სურვილი. პრინციპში, ეს უკიდურესად საშიში იქნებოდა, რადგან ჩვენი დაჩოქება შეუძლებელია. რაც უფრო სწრაფად გააცნობიერებენ ამას ჩვენი მოწინააღმდეგეები, მით უკეთესი“, – აღნიშნავს მედვედევი.
შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
დონალდ ტრამპის ცნობით, ვლადიმერ პუტინთან გრძელი და ძალიან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა და მასთან უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის, ენერგეტიკისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხები განიხილა.
„შევთანხმდით ერთად მუშაობაზე, ძალიან ახლოს, მათ შორის ერთმანეთის ქვეყნებში ვიზიტებზე. ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენმა შესაბამისმა გუნდებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.
