საქართველოში დაცულია გამოხატვის თავისუფლება, ყველას აქვს უფლება, რომ შეიკრიბოს და თავისი აზრი გამოხატოს, მათ შორის, იმ ადამიანების მშობლებსა თუ ოჯახის წევრებს, რომელთა შვილებიც, სამწუხაროდ, გარკვეული სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით არიან სასამართლოში წარდგენილი, მათი საქმეების განხილვა მიმდინარეობს სასამართლოში, – ასე გამოეხმაურა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან გამართულ საპროტესტო აქციას.
იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეთა კონფერენციის პარალელურად საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა ოჯახის წევრები აქციას მართავდნენ, ვინაიდან მათ მიაჩნიათ, რომ სასამართლო ობიექტური და დამოუკიდებელი არ არის, გვრიტიშვილი აცხადებს, რომ „ის დარწმუნებულია, მისი კოლეგები გადაწყვეტილებებს მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებენ“.
„ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ჩემი კოლეგები, რომლებიც ამ საქმეებს იხილავენ, უმაღლესი კვალიფიკაციით და სათანადო კეთილსინდისიერებით უზრუნველყოფენ, რომ მართლმსაჯულება სწორად, სამართლიანად განხორციელდეს და გადაწყვეტილებები საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე მიიღონ, დანარჩენს სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აცხადებს გვრიტიშვილი.
კითხვაზე, თუ ადევნებს სასამართლო პროცესებს თვალს და რამდენად არის საქმეებში მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შეიძლება გახდეს, მოსამართლე პასუხობს, რომ „მიმდინარე საქმეებზე კომენტარს ვერ გააკეთებს“.
„იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი კოლეგები იღებენ გადაწყვეტილებას, არც მე მევალება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არც ერთ სხვა წევრს არ ევალება, ყველა საქმე დეტალურად იცოდნენ, ეს შეუძლებელია და ამის კომპეტენციაც არ გვაქვს. ყველა საქმესთან მიმართებაში, ჩემი კოლეგა მოსამართლეები დარწმუნებული ვარ, მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებას უზრუნველყოფენ“, – აცხადებს მოსამართლე.
კითხვაზე, უკვე დასრულებულ სასამართლო განხილვებზე როგორი შთაბეჭდილება დარჩა, რამდენად იყო მტკიცებულებათა ერთობლიობა, გვრიტიშვილი პასუხობს, რომ თუ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება იყო მიღებული, „მისმა კოლეგებმა მიიჩნიეს, რომ საქმეში სათანადო მტკიცებულებები არსებობდა“.
„თუ სისხლის სამართლის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენია და ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზეც არის დადგენილება სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ, ე.ი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემმა კოლეგა მოსამართლეებმა მიიჩნიეს, რომ საქმეში არსებობდა სათანადო და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელმაც შექმნა საფუძველი გამამტყუნებელი განაჩენისათვის, თუ დადგენილების გამოტანისათვის“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.
