დიმიტრი გვრიტიშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში მობილურების შეტანის აკრძალვის შესახებ კითხვაზე – რეგულაცია არის ისეთი, რომ ეხება ყველას

რეგულაცია არის ისეთი, რომ ეხება ყველას,- ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, სასამართლო სხდომათა დარბაზში მობილურების შეტანის აკრძალვა ეხება თუ არა ჟურნალისტებს, პროკურორებს, ადვოკატებს, დამსწრეებს.
რაც შეეხება ადვოკატთა ასოციაციის პოზიციას, რომ სასამართლო დარბაზებში მობილურების შეტანის აკრძალვა არ ეხებათ ადვოკატებს, დიმიტრი გვრიტიშვილი განმარტავს, რომ არ იცის, „იმან რატომ დაამშვიდა ადვოკატები“ ამ საკითხზე.
„არ ვიცი, ყველას თავისი მოსაზრება აქვს. იმან რატომ დაამშვიდა არ ვიცი და რატომ განმარტავს კანონმდებლობას ასე“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
ამასთან, როგორც დიმიტრი გვრიტიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა, გადაღება სასამართლო სხდომის დარბაზში აკრძალული იყო, ჩუმად, ფარულად გადაღებული ვიდეოები სასამართლო სხდომებიდან მაინც ვრცელდებოდა.
„[სასამართლოში ტელეფონების] სათავსო არის იმიტომ, რომ კანონის აღსრულების მიზნით ეს ტელეფონი ხომ უნდა შეინახონ და მერე, როდესაც სხდომა დასრულდება, დაუბრუნონ მფლობელს. ნებისმიერი ტექნიკური საშუალება, რომლითაც შესაძლებელია, რომ იწარმოოს გადაღება და შემდგომ, ეს უკანონოდ მოპოვებული გადაღება და ჩანაწერი, შესაძლებლობა არსებობს რომ გავრცელდეს, როგორც აქამდე იყო გავრცელების ფაქტები… აქედან გამომდინარე, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის აღსრულების მიზნით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეიმუშავა შესაბამისი ნორმატიული აქტი. როდესაც სასამართლო საქმეს იხილავს, სასამართლო მთლიანად უნდა იყოს ორიენტირებული და კონცენტრირებული იმ საქმის სამართლებრივად და სწორად განხილვაზე და არა იმაზე, რომ ვიღაც ეგზალტირებული სუბიექტები, ვინც ესწრებიან სასამართლო სხდომას და ხშირ შემთხვევაში, ასეთ მომენტში ცეცხლზე ნავთს ასხამდა პირდაპირი ტრანსლაცია, სასამართლო უბრალოდ ზედმეტ ენერგიას და დროს ხარჯავდა, რომ ეს ლოკალური შემთხვევები გაენეიტრალებინა. საზოგადოება, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხედავდა, რა ხდებოდა სასამართლო პროცესებზე, ფოიეში, ეზოში, გაწევ-გამოწევა, მანდატურებთან შეხლა-შემოხლა და ა.შ. ეს ყველაფერი ხელს უშლიდა მართლმსაჯულების სათანადო განხორციელებას“-განაცხადა გვრიტიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ