საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დიმიტრი არაყიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ გახსნა. დიმიტრი არაყიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს მისი ოჯახის წევრებმა.
„საღამოზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალისტმა სტუდენტებმა დიმიტრი არაყიშვილის რომანსები შეასრულეს. გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა კი საგალობლები და ხალხური სიმღერები შეასრულეს, რომლებიც თავის დროზე დიმიტრი არაყიშვილმა ჩაწერა.
ოჯახმა ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდს დიმიტრი არაყიშვილის არქივი გადასცა – პირადი ნივთები (მათ შორის კომპოზიტორის როიალი და ავეჯი), ხელნაწერები, სხვადასხვა წლებში გამოცემული ნაწარმოებები, წერილები, ფოტოები, ავტოგრაფიანი წიგნები კომპოზიტორის პირადი ბიბლიოთეკიდან, ნახატები და სხვ.
უახლოეს მომავალში ამ უნიკალური საარქივო მასალების დამუშავება დაიწყება, შემდეგ გაციფრება და ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბაზაში განთავსება. თავად მასალები კი, დიმიტრი არაყიშვილის კაბინეტში განთავსდება, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში უახლოეს მომავალში გაიხსნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.