დივერსიამ შეაფერხა სარკინიგზო მიმოსვლა საფრანგეთში, სადაც დღეს ოლიმპიადა იხსნება

საფრანგეთში, პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნის წინა ღამეს სავარაუდო დივერსიის შედეგად რამდენიმე ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზი დაზიანდა. ამის შესახებ საფრანგეთის სარკინიგზო კომპანია SNCF-მა განაცხადა. რამდენიმე მატარებელი რეისზე არ გავიდა, სხვები კი გვიან გავიდნენ, რის შედეგადაც სარკინიგზო სადგურებზე მგზავრების რიგები წარმოიქმნა.
კომპანიის ინფორმაციით, დაზიანდა პარიზიდან ჩრდილოეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებებით (ლილი-სტრასბურგი-ბორდო) მიმავალი მაღალსიჩქარიანი მატარებლების (TGV) ხაზები. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავიდან იქნა აცილებული ხანძარი კიდევ ერთ ხაზზე, რომელიც სამხრეთით ლიონისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსკენ მიემართება.
ცნობებში ნათქვამია, რომ “მავნებლური ქმედებები” მიზნად ისახავდა სარკინიგზო მომსახურების პარალიზებას. კერძოდ, საუბარია ხანძრის გაჩენაზე. ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ აშკარად წინასწარ განზრახულ და კოორდინირებულ ქმედებაზე. ჯერჯერობით დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. დივერსიაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
დღეს საღამოს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ოფიციალურად გაიხსნება ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები. ზაფხულის ოლიმპიადის ისტორიაში პირველად გახსნის ცერემონიის ადგილია არა სტადიონი, არამედ მდინარე.

ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების სპორტსმენების აღლუმი მდინარე სენაზე ჩატარდება. ყველა დელეგაციას თავისი ნავი აქვს. ნავები აღჭურვილია ვიდეოკამერებით, რათა მაყურებლებმა, რომლებიც გახსნის ცერემონიას თვალს ტელევიზიით ან ინტერნეტით მიადევნებენ, სპორტსმენების ახლოდან დანახვა შეძლონ.
პარიზში ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებს სულ 206 ქვეყნის 10 500 სპორტსმენი.
მდინარე სენაზე აღლუმი ცენტრალური ევროპის დროით 19:30 საათზე დაიწყება აუსტერლიცის ხიდთან. “ბიბისის” ცნობით, სანახაობა ჩატარდება მომეტებული უსაფრთხოების პირობებში. სენის ორივე სანაპიროზე წესრიგის დაცვის უზრუნველსაყოფად მობილიზებული 45 000 ჟანდარმი, მათ შორის 10 ათასი ჯარისკაცი და 20000 კერძო დაცვის თანამშრომელი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გამყრელიძე – ოპოზიცია მზად ვართ, დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, თუ გარკვეული ვადის მერე ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც