ამერიკაში მცხოვრები ექიმი ქეთი შავლიაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კვლევის საყურადღებო შედეგების შესახებ წერს. ექიმის განმარტებით, კვლევაამ აჩვენა, რომ დიეტურ სასმელებში შემავალმა ასპარტამმა, შესაძლოა, კიბო გამოიწვიოს!
“WHO: დიეტურ სასმელებში შემავალმა ასპარტამმა, შესაძლოა, კიბო გამოიწვიოს!
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ გამოაცხადა, რომ ხელოვნურმა დამატკბობელმა, ასპარტამმა, რომელიც ფართოდ გამოიყენება დიეტურ სასმელებში და დაბალკალორიულ (ძირითადად ულტრაპროცესირებულ) საკვებში, შესაძლოა კიბო გამოიწვიოს.
დღეს, რამდენიმე საათის წინ, ჯანმო-მ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ასპარტამი კლასიფიცირებულია, როგორც 2b კლასის კანცეროგენი ანუ “ადამიანის შესაძლო კანცეროგენი”!
ჯანმო-ს ეს განცხადება ჯანდაცვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანოს პირველი საჯარო განცხადებაა თითქმის ყველგან გავრცელებული ხელოვნური დამატკბობლის მავნე ზემოქმედების და კიბოს რისკების შესახებ!
FDA -მ და სასმელების ინდუსტრიამ უკვე გააპროტესტეს ეს სიახლე.
მინდოდა გამეზიარებინა რამდენიმე მოსაზრება განცხადებასთან დაკავშირებით და იმის შესახებ, თუ რა ვიცით აქამდე ხელოვნური დამატკბობლების ზეგავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ასპარტამი ათწლეულების განმავლობაში სავარაუდოდ მრავალ დაავადებასთან დაკავშირებული სადავო ინგრედიენტია.ის გვხვდება 6000-ზე მეტ პროდუქტში, მათ შორის საკვებსა და სასმელში, ხველის საწინააღმდეგო სიროფში, კბილის პასტაში და ხელოვნურად დამტკბარი გამაგრილებელი სასმელების დაახლოებით 95%-ში (PMID: 33451265). მაისის თვეში ჯანმო-მ მოსახლეობას მოუწოდა, არ გამოიყენონ შაქრის შემცვლელები წონის დაკლების მიზნით, რაკი კვლევები აჩვენებს, რომ ხელოვნური დამატკბობლების მოხმარება არ იწვევს წონის დაკლებას, რასაც, როგორც წესი, მოველით შაქრის მოცილებით გამოწვეული კალორიული დეფიციტისგან (PMID: 29570245; PMID: 28716847; PMID: 27880832).
ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ხელოვნური დამატკბობლები აზიანებენ ნაწლავის მიკრობიომს, ზრდიან სხეულის გაცხიმოვნებას, არღვევენ მადის და დანაყრების სიგნალებს და ზრდიან სისხლში გლუკოზის დონეს (PMID: 34581796; PMID: 35987213). ზოგიერთი კვლევა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით ასპარტამის ზემოქმედება ადრეულ ასაკში ზრდის კიბოს რისკს, რთულია ამ შედეგების გამეორება ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებში (PMID: 17805418).თუმცა, საფრანგეთის მოსახლეობაზე დაფუძნებულმა, 100 000-ზე მეტ ადამიანზე ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა კიბოს გაზრდილი რისკი, რომელიც დაკავშირებულია ასპარტამის მოხმარებასთან (PMID: 35324894)
იმედია, ეს განცხადება გამოიწვევს ასპარტამის მსგავსი ქიმიკატების უფრო ღრმა კვლევას, რაც დაგვეხმარება მეტი ვიცოდეთ საკვების შემადგენლობაზე, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ და მისი გავლენის შესახებ ჩვენს ჯანმრთელობაზე.
ის ადამიანები, ვინც დიდი რაოდენობით დიეტურ კოლას, პეპსის და სხვა დიეტურ სასმელებს მოიხმარენ, სასურველია გადავიდნენ წყლის ან დამატკბობელის გარეშე, სხვა სახის სასმელების მოხმარებაზე.” – წერს ექიმი.