დიდ ლილოში არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე, ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოსაწყობად შესაბამისი საპროექტო და სამშენებლო ტენდერი გამოცხადდა – პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი 6 255 000 ევროა

დიდ ლილოში არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე, ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოსაწყობად შესაბამისი საპროექტო და სამშენებლო ტენდერი გამოცხადდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიაში განუცხადეს, პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი 6 255 000 ევროა.
მათივე ინფორმაციით, ასევე, პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოწყობაც იგეგმება, რომლის ღირებულებაც 20 მილიონ ევროს შეადგენს.
„სამუშაოების განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოიყო სესხი 16 მლნ ევროს ოდენობით, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონული ფონდის (E5P) მიერ გრანტი – 4 მლნ ევრო. პროექტი მოიცავს ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების საბოლოო გადახურვას, უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან წარმოქმნილი გაზის შეგროვებასა და შემდგომ უტილიზაციას. დიდი ლილოს პოლიგონზე მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც ნარჩენების განთავსების შედეგად გამოფრქვეული მეთანი ჰაერში არ გაიფანტება, მოხდება მისი ელექტროენერგიად გარდაქმნა და გამოყენება. შესაბამისი ტენდერის საფუძველზე მოხდება საერთაშორისო კონსულტანტების შერჩევა, რომლებიც ბანკთან და „თბისლერვის ჯგუფთან“ ერთად შეიმუშავებენ სატენდერო დოკუმენტაციას. მომდევნო ეტაპზე კი, საერთაშორისო წესებისა და პირობების დაცვით, საპროექტო და სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება მომავალი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.
დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე მასალების აღმდგენი ობიექტისა და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს მშენებლობაც იგეგმება. ეს იქნება ქვეყანაში ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებისა და გადამუშავების დაწყების საფუძველი, რის შემდეგაც მასალის რეალიზება მოხდება. პროექტის ღირებულება 26 მილიონი ევროა. EBRD-თან შესაბამის სასესხო შეთანხმებას ხელი მოეწერა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის შერჩევა, რათა მოხდეს სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა. ყველა ეს პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც დიდი ლილოს მოსახლეობისთვის, ასევე, თბილისში მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის და რა თქმა უნდა, გარემოს დაცვის კუთხით. აღნიშნული სამუშაოებით დიდი ლილოს დასახლებაში გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების დიდი ნაწილი მოგვარდება“, – აცხადებენ მერიაში.