„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ქვემო ქართლის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის გარემოცვის წევრს, ისაკ გიორგი უბილავას სცემეს.
„ტვ პირველის“ ცნობით, მათ ანონიმურმა წყარომ ნაცემი უბილავას ფოტო მიაწოდა.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, რომელსაც „ტვ პირველი“ ავრცელებს, უბილავას ჩასაფრება დიდ დიღომში გდდ-ს ყოფილი უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) გარემოცვის წევრებმა, სპეცრაზმელებმა მოუწყვეს.
„არსებული ინფორმაციით, უბილავამ შინჯიკაშვილთან ერთად გარკვეული პერიოდის წინ ქვეყანაც დატოვა, თუმცა ორივე მათგანი საქართველოში დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ “ხარება” ერთი წელია შურისძიებას აანონსებს, რადგან სწორედ შინჯიკაშვილის დაჯგუფებამ 2025 წლის გაზაფხულზე სასტიკად სცემა ორი სპეცრაზმელი“, – იუწყება „ტვ პირველი“.
მომხდარის შესახებ დეტალებზე არ საუბრობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში ნეტგაზეთს მხოლოდ ის განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით არის დაწყებული.
ბოლო წლებში მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ გიორგი შინჯიკაშვილს და „ხარებას“ ერთმანეთთან დაპირისპირება აქვთ. პერიოდულად ასევე ვრცელდება ცნობები ამ დაპირისპირების გამო გიორგი შინჯიკაშვილის და „ხარებას“ თანამებრძოლების ანგარიშსწორებების შესახებ.
იმას, რომ შინჯიკაშვილს და „ხარებას“ შორის დაპირისპირება არსებობს, ადასტურებს გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილიც.
ფოტო: „ტვ პირველი“

